ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან პროვოკაციები ნამდვილად მოსალოდნელია. მისი თქმით, ზუგდიდსა და ბათუმში ეს გამოიხატებოდა ლანძღავასა და გამოწვევ მოქმედებაში. კობახიძემ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და მომხდარი ინციდენტების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი არ არის დიდი, თუმცა დინამიკა მზარდია.
„განსაკუთრებული კონცენტრაცია პროვოკაციების კუთხით შეინიშნება ორ რეგიონში, ეს არის სამეგრელოს რეგიონი, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ასევე, აჭარის რეგიონი, სადაც რამდენიმე, საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ჩვენი აქტივისტების მიმართ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველ რიგში, მაგალითად ვიტყვი, რომ 3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას, ქალაქ ზუგდიდში ჰქონდა შეხვედრა აქტივისტებთან სადგურის დასახლების მაცხოვრებლებთან, სადაც მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია თავის აქტივისტებთან ერთად და იქ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვაში, გამომწვევ მოქმედებაში და ა.შ. 6 სექტემბერს ასევე ზუგდიდში, ზუგდიდის მეორე კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას, შეხვედრა ჰქონდა სოფელ ანაკლიაში, სადაც ჟანა ცხადაია, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის და მისი თანხმლები აქტივისტები, მივიდნენ შეხვედრაზე. ისინიც გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და სხვა პროვოკაციული მოქმედებებით. ეს არის ორი მაგალითი, რომელიც ზუგდიდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ.
ბათუმში მოხდა ასეთი შემთხვევა - 68-ე ოლქში ფატი ხალვაშს და ვახტანგ წულაძეს, ჩვენს ორ კანდიდატს ჰქონდათ შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდა ქალბატონი ნაზი ფუტკარაძე. ეს არის ყოფილი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“. მასთან ერთად მივიდა ვინმე ივანიძე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილი. მათაც მოაწყვეს მსგავსი პროვოკაცია. ამ პროვოკაციის ამსახველი ვიდეო კადრები ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ დღესვე. პროვოკაცია საკმაოდ მძიმე ფორმას ატარებდა. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც იქ გაისმა არის ის, რომ ქალბატონმა ივანიძემ დასძინა - ისინი იყვნენ ღირსნი ცოცხებისა და დუბინკების. ასეთი მძიმე ფრაზა გაისმა ამ შეხვედრაზე, რასაც ბუნებრივია მოჰყვა რეაქცია ჩვენი აქტივისტების მხრიდან, თუმცა ეს რეაქცია იყო ღირსეული და მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ აქტივისტებს იმისათვის, რომ ისინი არ აყვნენ პროვოკაციებს და შემოიფარგლენ მხოლოდ ღირსეული პასუხით ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ვიდრე სანდრა რულოსვის პირით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ დუბინკები და ცოცხები აღარ იქნება,მათი აქტივისტები, მათი თანაპარტიელები რეალურად ამის საპირისპიროს ამტკიცებენ“.
ირაკლი კობახიძის განცხადებას და ინციდენტების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს.





