ადამიანის უფლებები

გოგუაძე: საქართველოში ადამიანის უფლებები არასდროს ყოფილა ისეთი დაცული, როგორც დღეს

ტაბულა

ქართული ოცნების საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის ნინო გოგუაძის თქმით, ადამიანის უფლებები ქართული ოცნების მთავარი პრიორიტეტია და ის ისეთი დაცული, როგორიც დღესაა, საქართველოში არასდროს ყოფილა.

"ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანის თავისუფლება ყოველთვის იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ეს იყო ის საკითხი, რომელზეც მთელი ოთხი წლის მანძილზე ვმუშაობდით და ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებები ისეთი დაცული, როგორიც დღეს არის, ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა", - თქვა ნინო გოგუაძემ.

კითხვაზე, თუ რა აძლევს ამის თქმის საფუძველს, ქართული ოცნების ახალმა სახემ განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც.

"ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ყველა მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების წევრები, ჩვენი მოქალაქეები, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ყველა მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი გაუმჯობესებულია პენიტენციალურ სისტემაში, რა თქმა უნდა, სოციალური დაცვის მიმართულებით, რომელი პროგრამებიც ჩვენ არაერთგზის განვახორციელეთ გასული 4 წლის მანძილზე", - თქვა გოგუაძემ.

ტაბულას ჟურნალისტმა ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატს შეახსენა ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 17 მაისს, ლგბტ თემის აქტივისტებს არ მიეცათ აქციის გამართვის საშუალება, ასევე, სოფელ ჭელას მოვლენები. ამაზე ნინო გოგუაძე თქვა, რომ ყველა ფაქტზე, რომელიც ადამიანზე ძალადობას ეხება, ქართული ოცნების ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ძალაა.

"ადამიანის თავისუფლება არის ქართული ოცნების ყველაზე მთავარი ღირებულება, რომელზეც არის აგებული გასული და მომავალი 4 წლის პროგრამაც. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ადამიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება, ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა ადეკვატურად რეაგირებული და ამაზე მოხდა შესაბამისი უწყებების რეაგირება. ქართული ოცნება არის სწორედ ადამიანის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ძალა და მგონი, ამასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში შეკითხვა არავის არ აქვს",- თქვა გოგუაძემ.

კომენტარები