არჩევნები 2016

ნოდია: ქართული ოცნების სიას ეტყობა მცდელობა, რომ განახლების შთაბეჭდილება მოახდინოს

გია ნოდია
ტაბულა

პოლიტოლოგ გია ნოდიას მოსაზრებით, ქართულ ოცნებას საარჩევნო სიის პირველი ათეულით განახლების შთაბეჭდილების მოხდენა უნდა. ამის შესახებ მან ტაბულასთან ისაუბრა.

„[ქართული ოცნების საარჩევნო სიის] პირველ ათეულს ეტყობა მცდელობა, რომ განახლების შთაბეჭდილება მოახდინოს. როგორც ჩანს, ეს კვირიკაშვილის კრეატურაა ანუ ქართულ ოცნებას უნდა, თავი წარმოაჩინოს, როგორც პროდასავლური ძალა, რომელიც განახლების გზას ადგას", - თქვა გია ნოდიამ.

ტაბულას კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ათეულს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ ათეულთან მიმართებით, გია ნოდიამ უპასუხა, რომ განახლების სურვილი ენმ-საც აქვს, თუმცა, მათ, ქართული ოცნებისგან განსხვავებით, პოლიტიკური გამოცდილება გააჩნიათ.

„ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს ეს განახლების სურვილი, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული პოლიტიკური გამოცდილებაც. ზოგიერთი ამას ნაკლად უთვლის - სინამდვილეში ისინი საკმარისად ახალი სახეები არ არიანო, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს, პირიქით, უპირატესობაა. განახლება ისაა, რომ ეს ადამიანები აქამდე არ იყვნენ წამყვან პოზიციებზე ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ მათ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება და ჩვენ ვიცით, რა არის მათი ღირებულებები. ბევრი ადამიანი, ვინც არის ქართული ოცნების სიაში, სრულიად ახალია პოლიტიკაში. ჩვენ, შეიძლება, ვიცით, რომ მათ დასავლური განათლება აქვთ ან დასავლეთთან კავშირში არიან, რომელიღაც საელჩოში უმუშავიათ ან რაღაც საერთაშორისო პროგრამებში, მაგრამ არასოდეს გამოუხატავთ, რაში მდგომარეობს მათი პოლიტიკური პოზიცია. ასე რომ, ისინი უფრო შეკრებილი არიან შთაბეჭდილების მოსახდენად, რომ, რადგან დასავლური განათლება აქვთ და შესაბამისი სამუშაო გამოცდილებაც, ისინი დემოკრატიული და პროდასავლური ადამიანები იქნებიან, მაგრამ მათ ეს არასდროს გამოუხატავთ პოლიტიკურ საქმიანობაში", - თქვა ნოდიამ.

ცნობისათვის, ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. გიორგი კვირიკაშვილი
2. კახა კალაძე
3. ირაკლი კობახიძე
4. თამარ ჩუგოშვილი
5. გიორგი გახარია
6. აკაკი ზოიძე
7. თამუნა ხულორდავა
8. რომან კაკულია
9. სოფო ქაცარავა
10. ირინა ფრუიძე.

 

კომენტარები