ქართული ოცნების კანდიდატები

ქართული ოცნების კანდიდატის კომპანიას გამოძიება მითვისება-გაფლანგვას ედავება

ქართული ოცნება

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის ნინო წილოსანის კომპანიას გამოძიება 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. 2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს ვაგონმშენებელი კომპანიის დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს, ასევე, საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი, მისი მოადგილე და გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, "გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის, ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო". ამ ქმედებით საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. 

ნინო წილოსანი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კახა კალაძემ გუშინ წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში წილოსანი იყო ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი, ახლა კი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ქართული ოცნების კანდიდატი ნინო წილოსანი გურიანიუსთან საუბარში აცხადებს, რომ მის კომპანიას დანაშაული არ ჩაუდენია და ეს დამტკიცდება. მისი თქმით, ბრალდება "სუსტი და დაუსაბუთებელია".  

"ვერ გეტყვით, პროკურატურა როგორ მუშაობს. შემიძლია, გითხრათ, რომ კომპანია ამ დავაში მართალია და ასევე შემიძლია დავაყოლო, რომ ლოგიკურია, დავა წარმოიშვას პროკურატურასა და გარკვეულ კომპანიას შორის. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ყველგან ხდება მსგავსი. გარწმუნებთ, რომ ეს დავა დასრულდება კომპანიის გამართლებით", - ამბობს გურია ნიუსთან საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი.

კომენტარები