არჩევნები 2016

კალაძე: ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ოლქში ჩვენი კანდიდატი ნინო წილოსანი იქნება

კახა კალაძე
ქართული ოცნება

ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანი იქნება. ახალი კანდიდატი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი თქმით, ყოფილი კანდიდატი თემურ ჭკუასელი ქართული ოცნების სიაში იქნება.

„იმასთან ერთად, რომ ნინო ახალგაზრდა და წარმატებული ადამიანია, არის 3 შვილის დედა. ნინო ლანჩხუთელია, მას კარგად იცნობს რაიონის მოსახლეობა და ძალიან წარმატებული მაჟორიტარი დეპუტატი იქნება. რაც შეეხება ბატონ თემურს, ის, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად, იქნება ჩვენი საპარლამენტო სიის წარმომადგენელი და ჩვენთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ნინოს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ", - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

ქართული ოცნების ცნობით, "ნინო წილოსანი არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. გავლილი აქვს პოლიტიკის კურსი ოქსფორდის უნივერსიტეტში. მას აქვს ბიზნესსექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება. წლების განმავლობაში იყო ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო- ეკონომიკური განყოფილების უფროსი. დღეს კი, ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა".

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თხოვნით, თემურ ჭკუასელმა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა.

კომენტარები