არჩევნები 2016

GPB, იმედი, მაესტრო და GDS ეგზიტპოლს TNS-ს და GORBI-ს ერთობლივად ჩაატარებინებენ

benjielayug.com

საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს კომპანია TNS-ს დაუკვეთავენ. მაუწყებლის დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, ველზე სამუშაოებს კომპანია GORBI ჩაატარებს. მისივე ცნობით, კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი - 200 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ GORBI არის კომპანია, რომელმაც 18-27 აგვისტოს, ტელეკომპანია იმედის და JPM-ის დაკვეთით მოსახლეობა გამოკითხა. ის მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის. ფაჩულიას ასევე ეკუთვნის სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TriMedia Intelligence-იც, რომლის რეიტინგებსაც ტელევიზიების ნაწილი ნდობას არ უცხადებს. ტელევიზიებში ფიქრობენ, რომ TriMedia Intelligence-მა რეიტინგების გამზომი ხელსაწყოები ანუ ფიფლმეტრები დაამონტაჟა ოჯახებში, რომელთა შერჩევაც არ ასახავს რეალურად ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიის შემადგენლობას. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ბაზარზე ახალი სარეიტინგო კომპანია ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მისი ფინანსებით შეიქმნა. თავად მერაბ ფაჩულია ბიძინა ივანიშვილთან მისი ბიზნესის კავშირს უარყოფს.

იმედის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები მკვეთრად განსხვავდება სხვა კვლევების (NDI-ის, IRI-ს, GFK-ის) შედეგებისგან. კვლევის თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ ორი პარტია, ქართული ოცნება 32%-იანი მხარდაჭერით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16%-იანი მხარდაჭერით ლახავენ. 

კვლევებს შორის განსხვავებული შედეგების მიღება შესაძლოა, კითხვების ფორმულირებასა და გამოკითხულთა შერჩევის განსხვავებულ მეთოდებს უკავშირდებოდეს. თუმცა ტელეკომპანია იმედს კვლევის პრეზენტაციისას გამოკითხულთა შერჩევის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.სხვა სოციოლოგიური კვლევების, მაგალითად, NDI-ის კვლევის პრეზენტაციაში კი, მითითებულია, თუ რა მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდა მოსახლეობის შერჩევა. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით კი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს კომპანია GFK ჩაატარებს. რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განმარტებით, GFK ეგზიტპოლს თბილისის გარდა 5 ქალაქში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი და გორი) და 5 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო (ზემო სვანეთის გამოკლებით) და აჭარა) ჩაატარებს. ჯამში, ტელეკომპანიას 12 მონაცემი ექნება 5 ქალაქში, 5 რეგიონში, თბილისსა და მთელ ქვეყანაში.

კომენტარები