ავტობუსების პარკი

მერია: სექტემბრის ბოლოდან თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვა

თბილისის მერია

მერიის ცნობით, სექტემბრის ბოლოდან თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვა. ამასთან, მძღოლებს, რომლებიც MAN-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტები გადაამზადებენ. დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციითვე, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი 2017 წლის დასაწყისში დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა. 

"საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია MAN-მა, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ის ტექნიკური პირობა და მოთხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა დაყენებული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ავტობუსები ყოფილიყო ბუნებრივ აირზე მომუშავე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რათა ერთის მხრივ, დაგვეზოგა საწვავის ხარჯები და მეორეს მხრივ, ყოფილიყო გაცილებით უსაფრთხო გარემოსთვის. წარმოების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 7 თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. ისინი იმოძრავებენ წინასწარ შერჩეული მარშრუტით, ფართო ქუჩებსა და გრძელ დისტანციებზე, თუმცა მეორე ეტაპისთვის, ვფიქრობთ შედარებით პატარა ავტობუსების შემოყვანას, რათა ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და ვიწრო ქუჩებში მათ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, შესაბამისად, გააჩნია დიდი უპირატესობები სხვა მოდელებთან შედარებით", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პოლონეთის ქალაქ პოზნანში, MAN Truck & Bus AG-ის ქარხანაში, სადაც თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს გაეცნო.

თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების გეგმა 4-წლიანია და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები