სერჟ სარგსიანი და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია ე.წ. მთიან ყარაბაღში

Kan Taniya/Fb.com

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია, დელეგაციასთან ერთად ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, თვითაღიარებული რესპუბლიკის არსებობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

ამის ამსახველ ფოტოებს კან ტანია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს. ფოტოებზე ასევე ჩანს, რომ ღონისძიებას სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც ესწრება. საზეიმო მიღებას კი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი მასპინძლობს.

ტაბულა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და სომხეთის საელჩოსთან გადაგვამისამართეს. საელჩოს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამას გარდა, დღესვე, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის აეროპორტიდან აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე მოადგილე ოლეგ არშბა გამოაძევეს. აფხაზური მედიის ცნობით, ოლეგ არშბა ჯერ მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა, შემდეგ კი მისი დეპორტაცია მოხდა. მათი ცნობით, არშბა ე.წ. დნესტრისპირეთში აპირებდა გამგზავრებას.

კომენტარები