აშშ

პანიკა ლოს ანჯელესის აეროპორტში, ამ დროისათვის ფრენები აღდგენილია

Reuters

რამდენიმე საათის წინ, ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში პანიკის გამო აეროპორტის მუშაობა შეჩერდა და ხალხის ევაკუაცია დაიწყო. პანიკის მიზეზი, სროლის ხმა გახდა, თუმცა აეროპორტის პოლიციამ დეტალურად შეამოწმა აეროპორტი და სროლის ფაქტი არ დადასტურდა. მათი განმარტებით, პანიკა უბრალოდ დაუდგენელი მიზეზით გამოწვეულ ხმაურს მოჰყვა, რაც ადამიანთა ნაწილს სროლა ეგონა.

პოლიციამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მათ შეამოწმეს აეროპორტი და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის ყველა ზომა მიიღეს.

ტვიტერზე ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია აეროპორტში მამაკაცს, რომელსაც ზოროს კოსტიუმი აცვია. ვიდეოს აღწერაში წერია, რომ აღნიშნულ პირს პლასტმასის ხმალიც ეკავა ხელში.

თვითმფრინავები, რომლებიც ლოს ანჯელესის აეროპორტში უნდა დაშვებულიყვნენ, ახლომდებარე აეროპორტებისკენ გადაამისამართეს, თუმცა ამ დროისათვის ლოს ანჯელესის აეროპორტში ფრენები აღდგენილია.

კომენტარები