ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოქვეყნებას 25 აგვისტოს ვარაუდობს

ანი, ნინო და თეკლა კლასელები არიან. სამივე აბიტურიენტია და ეროვნული გამოცდების პასუხებს სამივე 25 აგვისტოს ელოდა. ორი დღით ადრე შედეგების გავრცელება მათთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მაინც გაგზავნეს. პასუხების მიხედვით, სამივე უკვე სტუდენტია, თუმცა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხარვეზის გამო, კვლავ ნერვიულობენ. ამბობენ, რომ თუ შედეგები შეიცვლება, აბიტურიენტები საპროტესტო აქციებს დაგეგმავენ.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში არც სატელევიზიო კომენტარს აკეთებენ და არც მედიის კითხვებს პასუხობენ. როგორც დღეს ტაბულას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, იმ განცხადებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელიც დღეს დილით გავრცელდა. განცხადების მიხედვით კი, აბიტურიენტებმა ქულებთან ერთად მიიღეს სისტემაში არსებული დამატებით ინფორმაცია, რის გამოც მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს და აცხადებს, რომ შედეგები სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ტაბულა დაინტერესდა, თუ რა რეაგირება ექნება გამოცდების ეროვნული ცენტრის ხარვეზზე განათლების სამინისტროს. უწყებაში დღეს კითხვებზე არ პასუხობენ და ამის მიზეზად მინისტრის შეხვედრებს ასახელებენ.

კომენტარები