არჩევნები 2016

ჯეჯელავა: მთავრობის ეკონომიკური ზრდის დაპირება პოპულისტურია

ტაბულა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქრობს, რომ მთავრობის დაპირებები ეკონომიკურ ზრდაზე, მშვიდობასა და კეთილდღეობაზე პოპულისტურია. მინისტრის თქმით, პრემიერმა როგორც კარგმა მენეჯერმა იცის, რომ საკუთარი თანამშრომლების "გადაკიდება" არ შეიძლება, ამიტომაც მისი დაპირება პედაგოგების მიმართ ნაკლები გამოცდის დანიშვნაზე გამართლებული და სწორია. 

"იცით რა, მათ შორის ეკონომიკური განვითარების დაპირებაც პოპულისტურია, ასე რომ შევხედოთ. ასევე მშვიდობის და კეთილდღეობის დაპირებაც. კარგი ხელისუფლება ხალხს იმას ჰპირდება, რაც ხალხს რეალურად უნდა. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გააკეთა პრემიერმა ეს დაპირება, და ამ დაპირებაში მე მას სრულიად ვეთანხმები. ნებისმიერმა მენეჯმენტის სპეციალისტმა იცის, რომ, თანამშრომლებს თუ გადაიმტერებ, კარგს არაფერს არ უნდა ელოდე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მასწავლებლები იყვნენ მოტივირებულნი და იდგნენ ავანგარდში ყველა ცვლილების", - ტაბულას პასუხობს ჯეჯელავა. 

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ქართული ოცნების თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღესვე ქვეყანაში "შეუქცევადი აღმავლობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპი დაიწყება". ქართული ოცნების მთავრობამ, კერძოდ კი, ნოდარ ხადურმა ანალოგიური განცხადება 2013 წელსაც გააკეთა, ამ განცხადების მიუხედავად, გასული სამი წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.6% იყო. 

პრემიერმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ არ შეიძლება პედაგოგებს გამუდმებული ტესტირებები უტარდებოდეთ, რადგანაც "მათ წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და მათი ინტელექტუალური განვითარება".

საქართველოში დაახლოებით 60 ათასი პედაგოგია, ისინი საჯარო სექტორში დასაქმებულთა საკმაოდ დიდ ჯგუფს წარმოადგენენ. პოლიტიკური პარტიები ხშირად წინასაარჩევნოდ პედაგოგების ხმების მოსაპოვებლად მათ ნაკლებ გამოცდებსა და მომატებულ ანაზღაურებას ჰპირდებიან.

კომენტარები