არჩევნები 2016

მეგრელიშვილი ბურჭულაძესთან გაერთიანებაზე: ძალიან პრაგმატულად მოვიქცევით

ტაბულა

ბლოკ "ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალი არჩევანისა" და პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისათვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით, ტაბულა "გირჩის" წევრ ვახტანგ მეგრელიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რასაც პრაგმატული პარტია მიმართავს.

"ჩვენ ხომ საბავშვო ბაღში არ ვცხოვრობთ, პოლიტიკაში ვართ იმისთვის, რომ გვაქვს მიზანი, ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოვახდინოთ. რა საშუალებებიც არსებობს პოლიტიკოსების ცხოვრებაში, ამისთვის ყველაფერს გამოვიყენებთ. ძალიან პრაგმატულად მოვიქცევით, ამ ნაწილში ყოველგვარი იდეალიზმის გარეშე. მაგრამ როდესაც შეამჩნევთ თქვენ, რომ რაიმე პრინციპზე უარი ვთქვით ან გადავუხვიეთ, მაშინ შეგიძლიათ, მოგვმართოთ პრეტენზიებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, რომელსაც ნებისმიერი პრაგმატული პოლიტიკური ძალა მიმართავს.

პარლამენტში მოხვედრა არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანა. რაც უფრო მეტნი მოხვდებით პარლამენტში ის ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე გინდათ ძირითად საკითხებში, გარკვეული კომპრომისებით, იქ უფრო იზრდება შანსი, მიაღწიო შენს მიზნებს", - თქვა მეგრელიშვილმა.

ტაბულამ მეგრელიშვილს უთხრა, რომ არა მხოლოდ გულშემატკივრებისთვის, არამედ გარეშე პირებისთვის "გირჩის" ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ჩანდა, რომ ბურჭულაძის მიმართ არცთუ ისე დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგალითად, ფეისბუქზე ერთ-ერთ პოსტში მეგრელიშვილმა ბურჭულაძე "ხატმფრენად" მოიხსენია. [მისი ეს შეფასება ბურჭულაძის ერთ-ერთ ვიდეოკომენტარს უკავშირდება].

"დღესაც მგონია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკოსები ხატებით არ უნდა დაფრინავდნენ, არ მახსოვს, იმ დროს, როცა ეს დავწერე, იყო თუ არა ის პოლიტიკოსი", - თქვა მეგრელიშვილმა. [სწორედ ამ დღეს იყო ბურჭულაძის პარტიის ყრილობა].

კომენტარები