არჩევნები 2016

ცესკო: რეესტრმა უნდა დაადასტუროს, თუ რომელიმე პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, თუ საჯარო რეესტრი დაადასტურებს, რომ რომელიმე პარტიას არ ჰყავს უფლებამოსილი პირი, ცესკო ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს. მიქელაძე ამბობს, რომ ვალერი კვარაცხელიამ ცესკოს რეგისტრაციისთვის 16 მაისს მიმართა და დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური გაერთიანება "ნეიტრალური საქართველო".

"რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეების უფლებამოსილების საკითხს, ამასთან დაკავშირებით ცესკომ გუშინ მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ამ შემთხვევაში, როგორც ვალერი კვარაცხელიას, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ხელმძღვანელი პირის შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასეთი პარტია სულ 9 დაფიქსირდა. საჯარო რეესტრმა მხოლოდ „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ მათ რეგისტრაციაში არ გაატარეს „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირი. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლებს და უფლებამოსილ პირებს, ამასთან დაკავშირებით, თუკი საჯარო რეესტრის მიერ დადასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმძღვანელობაზე არის უარი, ცესკო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - თქვა ცესკოს სპიკერმა.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედიამდივნის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ვალერი კვარაცხელიას პარტიას "ნეიტრალური საქართველო", ბედუკაძის პარტიის მსგავსად, ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს. მისი თქმით, ეს ხარვეზი აჩვენებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პროდასავლური პარტიებისათვის პრობლემების შექმნით არის დაკავებული და თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს.

კომენტარები