იოსებ მაკრახიძეს, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გორის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა, 2012-2014 წლებში ჩადენილი თაღლითობისთვის გირაო შეეფარდა, ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენებით კი, 2016 წლის ივლისში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდა - ამ ინფორმაციას ფაქტ-მეტრი ავრცელებს, რომელმაც სასამართლო დავების დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა.
როგორც ფაქტ-მეტრი წერს, 71 წლის იოსებ მაკრახიძე ამჟამად სამი სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორია (შპს "იბოლია", შპს "მათა" და შპს "იმედი"). გარდა ამისა, ის რეგისტრირებულია ინდმეწარმედ და რამდენიმე კომპანიაში სხვადასხვა ოდენობის წილებსაც ფლობს.
"2016 წლის 22 აპრილის სასამართლო განჩინებაში წერია, რომ შპს "იბოლიას" დირექტორმა მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისება განიზრახა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2014 წლის მარტში უკანონოდ მიითვისა 79 450 ლარი, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების მიხედვით ბრალი წარედგინა, რაც თაღლითობას, ანუ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას გულისხმობს. სასამართლომ მაკრახიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა", - წერს ფაქტ-მეტრი.
ამის შემდეგ, 2016 წლის 22 ივლისს, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მაკრახიძის უფლებების დამცველმა 2012 წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 24 ივნისს გამოცემული ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სამივე ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა.
"აღნიშნული კანონები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ყველა დაზარალებული მხარე მათ გამოყენებას თანხმობით დაადასტურებს. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონი 180-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ დანაშაულზე ვრცელდება, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბრამდეა ჩადენილი. 2016 წლის 24 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონი კი, ხანდაზმულ ბრალდებულებს შეეხოთ, რომლებიც 180-ე, 182-ე მუხლებით გასამართლდნენ, დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს და იმ მომენტისთვის 70 წლის ან 70 წელს გადაცილებულები იყვნენ. 71 წლის იოსებ მაკრახიძის საქმეები აღნიშნულ კრიტერიუმებში ჯდებოდა და შესაბამისად, ბრალდებულ იოსებ მაკრახიძის, ასევე გორის მერის და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობის საფუძველზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ეს თანხმობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელმოწერებით დაადასტურეს", - წერს ფაქტ-მეტრი.