რელიგიის თავისუფლება საქართველოში

მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიას რეგისტრაციაზე სასამართლომაც უარი უთხრა

მფრინავი სპაგეტის მონსტრი

დღეს საქალაქო სასამართლომ არსებითად განიხილა მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის რეგისტრაციის საკითხი. მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების გაუქმებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის რეგისტრაციას. მოსამართლემ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია.

მოსარჩელე მხარე დავის გაგრძელებას სააპელაციო წესით აპირებს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის რეგისტრაციისთვის ყველა ფორმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და შემდეგში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცდენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და საკანონმდებლო რეგულირებებს რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის თაობაზე.

მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის სსიპ-ად რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრმა უარი აპრილში თქვა. ახალი სუბიექტის რეგისტრაცია ლექსო მაჭავარიანმა 19 აპრილს მოითხოვა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, "ვინაიდან, რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაზე თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიხედვით არ დგინდება "მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის", როგორც რელიგიის არსებობა, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება რელიგიური გაერთიანების "მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის" რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ".

საჯარო რეესტრი აცხადებს, რომ ტერმინი "ავტოკეფალური" წარმოადგენს ეკლესიის ოფიციალურ ტერმინოლოგიას და მისი გამოყენების უფლება შესაძლებელია "მხოლოდ სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლის თანახმად, "იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად".

მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესია რელიგიად მიჩნეულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის - პოლონეთსა და ჰოლანდიაში.

მოსარჩელეთა თქმით, რეესტრის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც "ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას საქართველოში საქართველოს ეკლესიის თანაბრად აქვს უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს საკუთარი სიმბოლიკა, ტერმინოლოგია, საღვთისმსახურო პროდუქცია".

მათი თქმით, ეს განჩინება საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წელს გამოსცა, როდესაც რელიგიური ორგანიზაციის "მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში" წარმომადგენელი ზურაბ აროშვილი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩიოდა.

მაშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონკორდატში "საუბარია მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და არა ნებისმიერი სხვა რელიგიური მიმდინარეობის ოფიციალური ტერმინოლოგიის და სიმბოლიკის გამოყენებაზე, ასევე საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

ვინაიდან სადავო ნორმაში გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგია, აქ საუბარია მხოლოდ მათი გამოყენების, დამზადების, შემოტანის თუ მიწოდებისათვის სახელმწიფოს ლიცენზიის აუცილებლობაზე ეკლესიასთან შეთანხმებით. ეს, ბუნებრივია, არ გულისხმობს ასეთი ლიცენზიის აუცილებლობას სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ მათი ტერმინოლოგიის თუ სიმბოლიკის გამოყენებაზე. ანუ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას საქართველოში საქართველოს ეკლესიის თანაბრად აქვს უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს საკუთარი სიმბოლიკა, ტერმინოლოგია, საღვთისმსახურო პროდუქცია.

ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საღვთიმსახურო პროდუქციის (ნივთების და სხვა) გარეგნული მსგავსება არ ნიშნავს მათ სრულ იდენტურობას. ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციას უფლება აქვს თავისუფლად (შეუზღუდავად) აწარმოოს და მიაწოდოს საკუთარი საღვთიმსახურო პროდუქცია იმ აუცილებელი პირობით, რომ აღნიშნულ პროდუქციას უნდა გააჩნდეს ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის კუთვნილების აღმნიშვნელი დასახელება, რაც იქნება იმის განმსაზვღრელი, რომ ეს პროდუქცია არ არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო პროდუქცია და შესაბამისად არ საჭიროებს არავითარ ლიცენზიას, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-19 მუხლის მოთხოვნებთან".

კომენტარები