დასაქმება

მთავრობა პენსიონერებს ასაქმებს, როცა უმუშევრობა ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია

benjielayug.com

მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს პენსიონერთა დასაქმების პროგრამას სახელწოდებით - "ცხოვრება გრძელდება". პრემიერის თქმით, პროგრამის შედეგად საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ კომპანიები, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ. საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ თავად დასაქმებული პენსიონერები. მთავრობა პენსიონერთა დასაქმების გაზრდაზე ზრუნავს, თუმცა პენსიონერები არ არის ის ჯგუფი, რომელსაც უმუშევრობა ყველაზე მწვავედ აწუხებს, ეს ჯგუფი - ახალგაზრდებია.

საქსტატის ცნობით, საქართველოში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 12%-ია, აქედან ყველაზე მაღალი, 32%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი 20-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. ეს კი ნიშნავს, რომ ახალგაზრდების ერთი მესამედი უმუშევარია. 25-29 წლის ჯგუფში უმუშევრობა 20%-ს შეადგენს, უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში კი ეს მაჩვენებელი მცირდება. 60-64 წლამდე (პენსიონერთა) ჯგუფში უმუშევრობის მაჩვენებელი 5%-ია. 

რატომ პენსიონერები

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 707 ათასი ადამიანი იღებს ხანდაზმულობის პენსიას. პენსიონერთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 15-20 ათასით იზრდება. შესაბამისად, პენსიონერები 3.7-მილიონიანი საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ. პენსიონერებს ასაკის გამო დამოუკიდებლად საქმიანობა უჭირთ, ამიტომაც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე. რასაც საკმაოდ ხშირად პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებენ, პრაქტიკულად ყველა პარტია მათ არჩევის შემთხვევაში გაზრდილ პენსიებს ჰპირდება.

როგორია ამგვარი პოლიტიკის უცხოური გამოცდილება

ხანდაზმულთა დასაქმების მსგავსი პროგრამა პორტუგალიაშიც არსებობს, თუმცა მან ქვეყანაში დასაქმების საერთო დონის ზრდა ვერ გამოიწვია, მეტიც -პორტუგალიაში ახალგაზრდების უმუშევრობა 8%-ით არის გაზრდილი. თავისუფალი უნვერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ეს პროგრამა წინასაარჩევნო პოპულიზმის სახეს ატარებს, მის შედეგად კი შესაძლოა, ახალგაზრდებში უმუშევრობა გაიზარდოს.

"თუ შევხედავთ უმუშევრობის სტატისტიკას, ახალგაზრდებში არის ყველაზე მაღალი უმუშევრობა. ამ პროგრამის შედეგად კი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ მუშაობენ, მიემატებათ სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც არ მუშაობენ. ახალგაზრდების აყვანა სამუშაო ადგილებზე გახდება ნაკლებად მიმზიდველი. მსგავსი პრაქტიკა ყოფილა სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც უფროსი ასაკის ადამიანებზე გათვლილი პოპულისტური ნაბიჯები გადაუდგამთ. ეს მოხდა პორტუგალიაში, სადაც ახალგაზრდების ერთ მესამედზე მეტი დაუსაქმებელია. ამიტომაც როდესაც ასეთი ინიციატივებით გამოდის მთავრობა, საჭიროა გვერდითი ეფექტების შესწავლა", - ამბობს ხორგუაშვილი.

კომენტარები