სტიქია ბორჯომში

ბორჯომში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ბორჯომის პარკი დროებით დაიხურა

tzona.org

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ბორჯომში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბჭოს ცნობითვე, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

"ბორჯომში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, ბორჯომში გაემგზავრნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები. 

ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსახლეობის დასახმარებლად გასულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს 170-ზე მეტ შეტყობინებაზე, რომლებიც ყველა რთულ უბანზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ. ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები ქ. ბორჯომში სტაბილურია", - აცხადებს კრიზისების მართვის საბჭო.

ამასთან, ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა. ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, სტიქიის შედეგად, წაქცეულია ასწლოვანი ხეები და ჩახერგილია ატრაქციონებთან მისასვლელი გზები. გამგებელი აღნიშნავს, რომ დღის მეორე ნახევარში გზა სავარაუდოდ გაიწმინდება და მინერალური წყლის აღება ყველას შეეძლება. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეთ.

"მინდია ჯანელიძე იმყოფება ბორჯომში, ვიმყოფებით პარკის ტერიტორიაზე, შემდგომ გვექნება შეხვედრა, დაისახება კონკრეტული გეგმები, დაითვლება ზარალი. ამ დროისთვის, მთლიანად ბორჯომში სიტუაცია ნორმალიზებულია, მოსახლეობაც და ტურისტებიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან", - განაცხადა გამგებელმა ინტერპრესნიუსთან საუბარში. 

კომენტარები