სტიქია ბორჯომში

ბორჯომში ძლიერი წვიმის გამო ტურისტული ადგილებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები და პარკი დააზიანა, დატბორილია ქუჩებიც. როგორც ინტერპრესნიუსს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ტურისტული ზონებიდან მოხდა ხალხის ევაკუაცია.

”უხვი ნალექი მოვიდა ბორჯომის რაიონში და თვითონ ქალაქში. შექმნილია შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ყველა ტექნიკა გამოყვანილია, როგორც საგზაო, ისე ადგილობრივი. ასევე ახალციხიდან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია. ქალაქ ბორჯომში სანიაღვრეებმა მთლიანად გაატარა წყალი და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. სერიოზული დაზიანებებია ისტორიულ პარკში, თუმცა დამსვენებლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო გოგირდის აბანოებზე, სადაც რამდენიმე ათეული დამსვენებელი იმყოფებოდა და ამ ადგილიდან ჩვენი პოლიციის ძალიან დიდი ძალისხმევით ხდება ხალხის გამოყვანა. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სახანძრო, საპატრულო პოლიცია. ასევე, სიტუაცია პრობლემატურია სადგურის მიმართულებით, სადაც რამდენიმე ხეა მოტეხილი და იქაც სატყეო დეპარტამენტი და პოლიცია აქტიურად მუშაობს. წაღვერშიც იყო დიდი სტიქია და იქაც 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გზის გაწმენდა. ვიმედოვნებთ, რომ წაღვერის მაგისტრალი, რომელიც უკავშირდება ბაკურიანს, ძალიან მალე გაიხსნება”, - აღნიშნა ყიფიანმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

ბორჯომის გამგებლისვე თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

 

კომენტარები