კობა ნარჩემაშვილი

ნარჩემაშვილი: 12-საათიანი წინასწარი დაკავების ვადის ზრდაზე ინიციატივა არ მქონია

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნებიდან ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მინისტრობის პერიოდში მას კომუნიკაციის უფლების გარეშე 12-საათიანი წინასწარი დაკავების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით ინიციატივა არ ჰქონია. ამის შესახებ მან ტაბულას კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ეს არის ისეთი რამ, რაც, უბრალოდ, არ მომხდარა. ასეთ რამეზე არანაირ ინიციატივას ადგილი არ ჰქონია ჩემგან. არათუ არ მახსენდება, არ ყოფილა ასეთი რამ. უბრალოდ, არ შეიძლებოდა, ყოფილიყო. კონსტიტუციური პრინციპია 72-საათიანი დაკავება. მანამდე იყო სხვა ნორმები, 12-საათიანი - ასეთი რამ არ ყოფილა. შსს-ს რაღაცები დააბრალეს და შემდეგ ისეთი ინფორმაცია გადაეცა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გვიწევდა შეხვედრა და იმის ახსნა, რის ინიციატორებიც არ ვყოფილვართ", - თქვა ნარჩემაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2002 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა პროტესტი გამოთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოთხოვნაზე, გაზრდილიყო 12-საათიანი წინასწარი დაკავების ვადა კომუნიკაციის უფლების გარეშე. "ის, რასაც კობა ნარჩემაშვილი ითხოვს, არის წამების დაკანონება", - ამბობდა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის იმჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი ელიზაბეტ ანდერსენი.

ტაბულამ დღეს ასევე სთხოვა ნარჩემაშვილს, ჩამოეთვალა მის მიერ ინიცირებული წარმატებული კანონები. 

"ეს იყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციულ კოდექსთან, სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულებასთან დაკავშირებით, დამსახურებებთან, წოდებებთან - უამრავი რამ იყო. თუ გაინტერესებთ, კიდევ რას ვთვლი ყველაზე დიდ მიღწევად - მოვიქეცით პასუხისმგებლიანად 2003 წელს, არ ვმონაწილეობდით პოლიტიკურ პროცესებში და, რაც მთავარია, ჩვენ მიერ წარმატებით განხორციელდა პანკისში ანტიტერორისტული ოპერაცია", - თქვა ნარჩემაშვილმა.

კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე ნარჩემაშვილი შს ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძის მოადგილე იყო. მან თანამდებობა "ვარდების რევოლუციის" შედეგად პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის დროს დატოვა. 2004 წლის ოქტომბერში ის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და დაახლოებით ორ თვეში, 300 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები