აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, აშშ NATO-ს წევრ ქვეყნებს დაცვის გარანტიას მოუხსნის. მისი თქმით, ამერიკა მოკავშირე ქვეყნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ისინი სრულად შეასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს.
ტრამპის თქმით, გადასახედია ალიანსის მიმართ კონკრეტული ქვეყნის წვლილიც.
კითხვაზე - დაეხმარება თუ არა ამერიკა NATO-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს, თუ რუსეთი მათ შეუტევს? ტრამპმა ასე უპასუხა: "თუ მათ შესრულებული ექნებათ თავიანთი ვალდებულებები, პასუხი არის - კი".
ტრამპის თქმით, ამერიკამ ჯერ საკუთარ შიდა არეულობას უნდა მიხედოს და შემდეგ უნდა ასწავლოს სხვა ქვეყნებს ჭკუა.
შეგახსენებთ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ერთობლივი შეთანხმების თანახმად, ისინი ვალდებული არიან, ალიანსის ნებისმიერ წევრს სამხედრო თავდასხმის დროს დაეხმარონ.
დონალდ ტრამპი თურქეთში გადატრიალების მცდელობასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ერდოღანმა საკმაოდ რთული რამ მოახერხა, როდესაც "სიტუაციის შემობრუნება" შეძლო.
"მე დიდად ვაფასებ ერდოღანის ქმედებებს, მან შეძლო და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა შეაჩერა. ზოგი ამბობს, რომ ეს დადგმული იყო, თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ", - შეაფასა ტრამპმა.