ტრანსპორტი

ბათუმის მერია ერთ ელექტროავტობუსში $250 000-ის გადახდას გეგმავს

ელექტროავტობუსი ჟენევაში
Tosa+

ბათუმი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებას გეგმავს. ავტოპარკის განახლებისთვის ბათუმის მერია EBRD-ისგან აიღებს კრედიტს. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბიზნესკონტრაქტთან განაცხადა, რომ სესხის აღებისთვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მთავრობისგან ნებართვა უკვე აიღო.

"ახალი ავტობუსების ნაწილი იქნება ელექტროტრანსპორტი და ნაწილი - "ევრო 5"-ის სტანდარტის დიზელზე მომუშავე, რადგან ეს არის უფრო ეკოლოგიურად სუფთა და გაუმჯობესებული. პროექტი კარგად მიდის და ბათუმი პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროტრანსპორტი იმოძრავებს. გრანტის მოცულობა დიდია. ახლა ბანკთან ერთად ტექნიკური პირობების დაზუსტება მიმდინარეობს. ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ერთი ტრანსპორტი 250 000 დოლარამდე ჯდება", - განაცხადა ბათუმის მერმა.
 
ბათუმის მერია თავდაპირველად 10 ელექტროავტობუსის შეძენას გეგმავს, ჯამში პროექტზე $2.5 მილიონი დაიხარჯება.
 

ელექტროავტობუსები ჯერჯერობით შედარებით ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ, ამიტომაც მათი ღირებულება სხვა ავტობუსებთან შედარებით მაღალია. 2015 წელს ერთი ელექტროავტობუსის ღირებულება საშუალოდ €300 ათასი ღირდა, თუმცა მასობრივი წარმოების ზრდის გამო მათი ღირებულება ყოველწლიურად მცირდება. 

თუკი ბათუმმა ახალი ავტობუსები შეიძინა, ეს მას შავიზღვისპირეთში ელექტროავტობუსებით მოსარგებლე პირველ ქალაქად აქცევს. 

კომენტარები