არჩევნები 2016

MDF: ფინანსთა სამინისტროს ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს

მედიის განვითარების ფონდი უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს და ითხოვს, 2016 წლის 16-17 ივლისს რუსთავი 2-ის, იმედისა და მაესტროს ეთერში განთავსებული ვიდეორგოლის საარჩევნო და მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლოს. 

ფინანსთა სამინისტროს ვიდეორგოლს სოციალური რეკლამის სტატუსი აქვს მინიჭებული. მედიის განვითარების ფონდის აზრით კი, ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ატარებს.

"რგოლი შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმების შესახებ დებულებებს, რაც მთავრობის ქმედებების პოპულარიზაციას ახდენს და რეალურად, პოლიტიკური რეკლამის სახეს ატარებს. ვიდეორგოლი ეწინააღმდეგება სოციალური რეკლამის დეფინიციას, რომელიც მაუწყებელთა კანონშია მოცემული, რადგან ახდენს მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირებას. ეს იმპერატიულად გამორიცხულია სოციალური რეკლამის კანონისეულ განმარტებაში", - აცხადებს MDF. 

ორგანიზაციის აზრით, იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურება საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს და გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება, მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და სხვა საჯარო უწყებებისადმი.

"წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში ისეთი შინაარსის რეკლამის განთავსება უნდა შეიზღუდოს, რომელიც მოქალაქეებისათვის გარკვეული სერვისების მიწოდების ნაცვლად, ხელისუფლების საქმიანობის პოპულარიზაციას ახდენს და პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს ატარებს. ასევე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიდეო რგოლის წინასაარჩევნოდ ეთერში განთავსება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მიიღოს შესაბამისი ზომები. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი, უნდა შეისწავლოს, რამდენად წარმოადგენს ეს ვიდეორგოლი სოციალურ რეკლამას", - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.

ამასთან, ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ის სტანდარტი, რომელიც ამ ინსტიტუტმა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დაადგინა. მაშინ წინაასარჩევნო პერიოდში შეიზღუდა ეთერში ისეთი ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და საარჩევნო რეკლამად აღქმის საფუძველს იძლეოდა.

მაუწყებლობის შესახებ კანონით, სოციალური რეკლამა არის "საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა. ასევე, არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას".

კომენტარები