თავდასხმა გერმანიაში

გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

AP

ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან ასოცირებული სააგენტო Amaq-ის ცნობით, სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვურცბურგთან, მატარებელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათი თქმით, ახალგაზრდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი იყო და თავდასხმა იყო პასუხი იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ამერიკასთან ერთად კოალიციაში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან.

შეგახსენებთ, რომ ნაჯახით შეიარაღებული პირი მატარებელში გუშინ ღამით შეიჭრა და მგზავრებს დაზიანება მიაყენა. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. მათგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოგვიანებით, თავდასხმის ავტორის, 17 წლის ავღანელი ლტოლვილის ოთახში, ხელით დახატული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა იპოვეს. მატარებელში მყოფთა ცნობით, თავდამსხმელი „ალაჰი დიდია"-საც ყვიროდა.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს.

კომენტარები