არჩევნები 2016

ენმ: ჩვენს საგარეო პოლიტიკას აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ქვეყნისთვის

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამოქმედო პროგრამის ნაწილის - საგარეო პოლიტიკის, მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. პარტიის წევრების განცხადებით, მათ საგარეო პოლიტიკას აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ქვეყნის მომავლისთვის. ენმ აღნიშნავს, რომ მათი საგარეო პოლიტიკა არის არჩევანი - იქნება თუ არა საქართველო სუვერენული სახელმწიფო, შემდგარი დემოკრატია და ერთიანი სახელმწიფო. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ენმ-ის მთავარი ამოცანაა, გააგრძელოს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში.

"და უზრუნველვყოთ არამხოლოდ უსწრაფესი ვიზალიბერალიზაცია, არამედ დავიწყოთ მუშაობა პოსტვიზების დღის წესრიგზე ანუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი შემდგომი დაახლოება ევროკავშირთან. ჩვენი ამოცანაა, მივიყვანოთ საქართველო რაც შეიძლება ახლოს NATO-ს წევრობასთან, და მომავალი წლების განმავლობაში, მოვახდინოთ გარღვევა წევრობის მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ სახელმწიფოებთან. და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაგრძელდეს დეოკუპაციის, არაღიარების და მშვიდობიანი დიალოგის პოლიტიკა. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა", - თქვა ბაქრაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის წევრის ელენე ხოშტარიას განმარტებით, "ჩვენი გეგმა გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მშვიდობის უზრუნველყოფის ძალიან კონკრეტულ ხედვას, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ დავაბრუნოთ საქართველო საერთაშორისო ზრუნვის საგნად. დავიცვათ ჩვენი ინტერესები და შევძლოთ მშვიდობის უზრუნველყოფა".

სერგი კაპანაძის თქმით კი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ენმ-ის პოლიტიკა იქნება მშვიდობიანი.

"ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ ის ვალდებულება, რომელიც ავიღეთ 2009-ში და შემდეგ 2013-ში განახლდა, რომ არ იყოს ძალა გამოყენებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობიან დიალოგზე ცხინვალის და აფხაზეთის მოსახლეობასთან, ასევე მზად ვართ, რომ ნებისმიერი ნეიტრალური გამოსავალის საკითხი განვიხილოთ, იმისთვის, რომ მოხდეს ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება", - აღნიშნა კაპანაძემ.

პარტიის კიდევ ერთი წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ენმ არ ფიქრობს, რომ ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ბოლო გაჩერებაა საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში.

"სურვილი გვაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროპასთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად, რაც ნიშნავს ჩვენს ქვეყანას და ევროპას შორის ბევრად უფრო სრული ინტეგრაციის პროცესის დასრულებას", - აღნიშნა სამადაშვილმა.

კომენტარები