კრიმინალი

აღსრულების ბიუროსთან მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ბრალდებული, 1977 წელს დაბადებული მიხეილ ვ. დააკავეს. მის მიმართ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ავთანდილ ანთიძემ თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ნაცნობი - 1972 წელს დაბადებული არჩილ მამაგეიშვილი დაჭრა, ხოლო მამაგეიშვილის თანმხლებმა მიხეილ ვ.-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავად ავთანდილ ანთიძე დაჭრა. მამაგეიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ანთიძე კი, კლინიკაში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცველებმა მიხეილ ვ. თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 108-ე მუხლებით).

აღსანიშნავია, რომ არჩილ მამაგეიშვილი და ავთანდილ ანთიძე სახელმწიფო უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ. 

კომენტარები