Brexit

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი ტერეზა მეია

ტერეზა მეი
Reuters

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს. ამ პოსტზე ტერეზა მეი დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ფორმალურად უკვე დაამტკიცა. მეი ქვეყნის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერია.

მანამდე დევიდ კამერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ყოფნა მისთვის "უდიდესი პატივი" იყო.

"არ იყო მარტივი და, რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება სწორი არ აღმოჩნდა, მაგრამ მჯერა, რომ ბრიტანეთი დღეს უფრო ძლიერია", - თქვა კამერონმა.

ამის შემდეგ ის დედოფალთან, ბაკინგემის სასახლისკენ გაემართა, სადაც ელიზაბეტ II კამერონის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურად დაეთანხმა.

კამერონი Brexit-ზე რეფერენდუმის შემდეგ პოსტის დატოვებას ოქტომბერში გეგმავდა, მანამდე კი ახალი პრემიერი უნდა დასახელებულიყო.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სხვების მიერ კანდიდატურების მოხსნის შემდეგ, მომავალი პრემიერმინისტრი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ტერეზა მეი იქნება, კამერონმა ორშაბათს თქვა, რომ პოსტს დღეს, ოთხშაბათს დატოვებდა.

დევიდ კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. რეფერენდუმის საპირისპირო შედეგის შემდეგ კი მან პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. მაშინ დევიდ კამერონი, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა.

კომენტარები