დანელია: სიაში, რომელიც გუშინ პრემიერმა გაგვაცნო, არცერთი მინისტრი არ არის

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, სიაში, რომელიც გუშინ პრემიერმინისტრმა გუნდის წევრებს გააცნო, არცერთი მინისტრი არ არის. დანელია ამბობს, რომ საპარლამენტო გუნდის 16 წევრში, რომელსაც დღეს ქართული ოცნება დაასახელებს, თვითონ არ იქნება.

"არსებული მინისტრები იმ სიაში, რომელიც გუშინ პრემიერმინისტრმა გაგვაცნო, არ არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, სია გახდება საჯარო და ამასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებები. რაც შეეხება ჩემს დეპუტატობას, ვინაიდან ვარ გუნდის წევრი და ვარ ამ გუნდის წევრი ყველგან, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია მექნება, სადაც ჩემი რესურსი იქნება აუცილებელი მე იქ დავდგები. თუმცა, ვფიქრობ, რომ მასმედიამ ცოტა იჩქარა - ეს არ არის შეჯერებული პოზიცია. ყოფილა კონსულტაციები, გუნდში კონსულტაციები მიმიდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მოცემულობა. ამის შესახებ განცხადებას გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი. ეს არ არის შეთავაზება, ეს არის მუშა პროცესი, როცა უნდა დავდგეთ იქ , სადაც უნდა ვიდგეთ. დღეს 2 საათზე ეს საკითხები არ გაირკვევა", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დღეს, 14:00 საათზე მომავალი საპარლამენტო გუნდის 16 ახალ წევრს საგურამოში წარადგენს. 2030-ის ცნობით, დღეს არ წარადგენენ საარჩევნო სიის ათეულს და არც მაჟორიტარი კანდიდატები დასახელდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საარჩევნო სიის ახალი სახეები იქნებიან პრემიერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში სოფო ჯაფარიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი ირინე ფრუიძე, იურისტი თამარ ჩუგოშვილი, ადვოკატი მამუკა მდინარაძე და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა.

სანამ პარტიის ახალი წევრების ვინაობა ოფიციალურად გაირკვევა, ცნობილია, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში არ იქნება. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა, მაგრამ, 2030-ის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ სერგეენკო მაჟორიტარი კანდიდატი იქნება, თუმცა, რომელ საარჩევნო ოლქში, ჯერ გაურკვეველია. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა კალაძე კენჭს, სავარაუდოდ, სამტრედიაში იყრის, ოთარ დანელია კი - მარტვილში.

კომენტარები