პრემიერი: მოხარული ვარ, რომ გიგლა აგულაშვილი ჩვენს გუნდში რჩება

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი გახარებულია გარემოს დაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დატოვოს რესპუბლიკური პარტია და საქმიანობა ქართულ ოცნებასთან ერთად, მის სამთავრობო გუნდში გააგრძელოს.

"გადაწყვეტილება მიღებულია, რომ [რესპუბლიკური] პარტია გავიდეს დამოუკიდებლად რჩევნებზე, შესაბამისად, იყო გარკვეული კონსულტაციები და ჩვენც ცივილიზებულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

გიგლა არის ძალიან კარგი მინისტრი და, რა თქმა უნდა, ჩემთვის სასიამოვნოა მასთან ერთად ერთ გუნდში მუშაობა," - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა თანამდებობის შესანარჩუნებლად, რესპუბლიკური პარტია დატოვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერმინისტრთან კონსულტაციები გაიარა.

რესპუბლიკური პარტიის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვისთვის, თანამდებობების დატოვება მოუწევთ, თუმცა, როგორც პარტიის სიის პირველი ნომერი, დავით უსუფაშვილი, ამბობს, ეს მათი გადაწყვეტილება არ არის.

უსუფაშვილის განმარტებით, კვირიკაშვილს მან შესთავაზა, რესპუბლიკური პარტიის წევრი მინისტრების თანამდებობებზე დატოვება, იმ დათქმით, რომ ისინი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. "ქართულმა ოცნებამ სხვაგვარად გადაწყვიტა. მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი", - თქვა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.

თინა ხიდაშელისა და პრემიერმინისტრის თქმით, ხიდაშელი თანამდებობას აშშ-ში ვიზიტის შემდეგ დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მომავალი თავდაცვის მინისტრი. ამის შესახებ კომენტარს არც მოქმედი მინისტრი და არც კვირიკაშვილი არ აკეთებენ.

კიდევ ერთი მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს.

 

კომენტარები