ანონიმური შეტყობინებები ნარკოტიკებთან დაკავშირებით

ნარკოტიკებთან დაკავშირებით შეტყობინების ადრესატები მიიჩნევენ, რომ ავტორი შსს-ა

“მოსაწევი თუ გაინტერესებს, მომწერე, ანონიმურობა დაცულია” - ასეთი შეტყობინება უცნობი პირისგან სტუდენტმა ფრიდონ ტყემალაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ფეისბუქზე მარიხუანასთან დაკავშირებით ვიდეო გააზიარა. ეჭვი, რომ მას ფეისბუქის ყალბი ანგარიშით მისწერეს, იმან გამოიწვია, რომ გასასინჯად, ანუ უფასოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკი შესთავაზეს. გარდა ამისა, ანგარიშს, სახელწოდებით Tbilisi open თითქმის არ აქვს აქტივობა სოციალურ ქსელში. ფრიდონ ტყემალაძე ფიქრობს, რომ ყალბი ანგარიშით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისარგებლა და ასე აპირებდა თითქოსდა ნარკომომხმარებლის დაკავებას.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული შეთავაზებებითა თუ კითხვებით ამავე პერიოდში კიდევ რამდენიმე პირს მისწერეს. ზოგიერთ მათგანს ჰკითხეს, სად შეიძლებოდა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, ზოგიერთს კი პასუხის სანაცვლოდ წილიც შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ სულ მცირე ორ პირს ორი სხვადასხვა უცნობი ერთი და იგივე დღეს დაუკავშირდა. თითქმის იდენტურია შეტყობინების შინაარსი - უცხოელი ტურისტი საქართველოში, ერთ-ერთი კლუბის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოდის და ეძებს ნარკოტიკს, უკავშირდება ადამიანებს, რომლებიც აქტიურად დადიან კლუბებში და მხარს უჭერენ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ შეტყობინების ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. 

იურისტების აზრით, უცნობი პირების მიერ ნარკოტიკული საშუალების შეთავაზება შესაძლოა ორი ტიპის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს: გასაღება და დანაშაულის პროვოკაცია. მათი თქმით, გამოძიება თავდაპირველად გასაღების მუხლით უნდა დაიწყოს. თუ დადგინდება, რომ შეთავაზების მიზანი კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემა იყო, შესაძლებელია გამოძიება დანაშაულის პროვოკაციის მუხლით გაგრძელდეს. გამოძიების დაწყების აუცილელობაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკაშირებით ტაბულა ესაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის პრესსამასხურსაც. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ საქმის შესწავლას საკუთარი ინიციატივით დაიწყებენ.

ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ან რა პასუხი აქვთ ამ ყველაფერში მათსავე თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზე. ტაბულამ უწყებას აღნიშნული კითხვით უკვე მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ტაბულა მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, მუხლი მათი ქვემდებარე არ არის და საქმეში იმ შემთხევაში ჩაერთვებიან, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლის დანაშაული გამოიკვეთება.

კომენტარები