თბილისის მერიის ინფორმაციით, 12 ივლისიდან ბარნოვის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, მიმართულებას შეიცვლის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთებაა.
"12 ივლისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე“,- წერია განცხადებაში.
თბილისის მერია აღნიშნავს, რომ ბარნოვიდან კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები პეტრიაშვილის, გოგებაშვილისა და მაყაშვილის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობითვე, შანიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.





