საქართველო-რუსეთი

დუგინი: ქართული იდენტობა და ეკლესია რუსეთის მოკავშირეა

meapatria.sk

"რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რუსეთს ცოტა ნამდვილი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ამასთან, ეს მოკავშირე ჰყავს, თუმცა არა პოლიტიკური წრიდან. ეს თვითონ ქართველი ხალხია თავისი ღრმა იდენტობით და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც წმინდა ადამიანი ხელმძღვანელობს - ილია II," - ამბობს რუსი იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი, თავის გადაცემაში "დირექტივა". ის საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, ვიზიტს მთელ ბლოკს უძღვნის და ამას საქართველოს შეცდომად აფასებს. 

"რუსებს უყვართ საქართველო და ამ მშვენიერ, მართლმადიდებელ მიწაზე, ისეთი პერსონების ყოფნა, როგორიცაა კერი, რომელიც მოდის გაცხადებული მიზნით, რომ რუსულ-ქართული გაუგებრობა კიდევ უფრო მეტად გაამწვავოს, არ შეიძლება, არ იყოს საწყენი. მით უმეტეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ერთმანეთისადმი სრული სოლიდარობა გამოხატეს კრეტას კრებაზე არწასვლით," - ამბობს დუგინი და ამატებს, რომ კრეტის კრება მართლმადიდებელთა ერთობას გამოუსწორებელი ზიანის მიყენებით ემუქრება.

დუგინი გადაცემაში საქართველოსა და რუსეთის დღევანდელ ურთიერთობაზე საუბრობს და, არც მეტი, არც ნაკლები, ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა, თუმცა ნელა, მაგრამ უმჯობესდება. დუგინი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის წარსულის ღრმა ფესვები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მძიმე გეოპოლიტიკური კოლიზიები და, ამასთან, ამატებს, რომ კონფლიქტის უმეტესობა, დასავლეთისგან იყო პროვოცირებული.

"საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება აშშ-ს ძალების ფრონტზე და იმედს იტოვებს, რომ ოდესმე ერთ სამართლებრივ სივრცეში აღმოჩნდება შიზოფრენიკ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად. ეს ძალიან საშიში შეცდომაა. და მძიმედ შეიძლება დაუჯდეს საქართველოს. ცხადია, კერი ისევ უბიძგებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული ქმედებებისკენ. ზუსტად ამასვე აკეთებს ის კიევში. პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში არსებული ყველა პროამერიკული ძალა მობილიზდება საშემოდგომო არჩევნების წინ. ატლანტისტი სტრატეგები ამას ხელსაყრელ მომენტად თვლიან რუსეთისთვის დარტყმების სერიებისათვის. პოსტსაბჭოთა სივრცე კი, ამისთვის ოპტიმალური პლაცდარმაა," - ამბობს დუგინი.

აღსანიშნავია, რომ დუგინი გამოირჩევა ნეოიმპერიალისტური იდეებით. ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. "რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა" - ასეთია მისი იდეა. დუგინი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.

კომენტარები