პაპის ვიზიტი საქართველოში

პაპი: საქართველოში მისი უძველესი ქრისტიანული ფესვების დასაფასებლად მივდივარ

პაპი ფრანცისკე სააღდგომო წირვისას ქართულ ხატს უკმევს
Andrew Medichini / AP

სომხეთიდან ვატიკანში დაბრუნებული პაპი ფრანცისკე მოწყალების საიუბილეო წლისადმი მიძღვნილ აუდიენციაზე საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს შეეხო და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც კავკასიის რეგიონში კიდევ ერთხელ ჩამოსვლას დათანხმდა. 

"სამ თვეში, ღვთის ნებით, კიდევ ერთი მოგზაურობა მელის საქართველოსა და აზერბაიჯანში, კავკასიის რეგიონის სხვა ორ ქვეყანაში. ამ ქვეყნების მონახულების მოწვევა ორი მიზეზით მივიღე: ერთი მხრივ, მსურს დავაფასო ამ მხარეებში არსებული უძველესი ქრისტიანული ფესვები - კვლავ და კვლავ, სხვა რელიგიებთან და კულტურებთან დიალოგის სულისკვეთებით - და მეორე მხრივ, რათა მშვიდობის იმედებსა და გზებს შევუწყო ხელი.

ისტორია გვასწავლის, რომ მშვიდობისაკენ სავალი გზა მოითხოვს დიდ სიმტკიცესა და უწყვეტ ნაბიჯებს, მცირე ნაბიჯებიდან დაწყებული მათი თანდათანობით ზრდით, ერთმანეთის მიმართულებით. სწორედ ამისათვის, ვისურვებდი, რომ ყველამ და თითოეულმა თავიანთი წვლილი შეიტანონ მშვიდობასა და შერიგებაში", - განაცხადა რომის ეპისკოპოსმა.

რომის პაპი საქართველოსა და აზერბაიჯანს 30 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე ეწვევა. პაპი საქართველოში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოიწვიეს.

კომენტარები