პრორუსული განწყობები

აბაშიძე: განმარტება გეგეშიძისგან მოვისმინოთ, ხომ შეიძლება, ჟურნალისტს შეშლოდა?

agenda.ge

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ დასკვნების გაკეთებამდე, საჭიროა თავად არჩილ გეგეშიძის განმარტების მოსმენა. აბაშიძე აღნიშნავს, რომ გეგეშიძე საქართველოს წარმომადგენელია აშშ-ში და მის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მისი განცხადებების გამო თბილისში გამოიძახა. გეგეშიძემ საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ პრორუსულ ძალებზე რამდენიმე დღის წინ, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

„საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა იყო, რა ითქვა. რამდენადაც ვიცი, ელჩი უკვე თბილისშია, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაივლიან ამ თემას, გაერკვევიან, ჩამოყალიბდებიან და ამის შემდგომ გავაკეთოთ უკვე დასკვნები. სანამ რაღაცა პუბლიკაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჯობს, რომ ელჩს ვკითხოთ თვითონ, მისგან მოვისმინოთ, რა იყო და როგორ იყო. ხომ შეიძლება, ჟურნალისტს რაღაც შეშლოდა? მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და აღმოჩენილა, რომ მთლად ისე არ ყოფილა, როგორც ჟურნალისტს გაუშუქებია, ამიტომ ჯობს, რომ ჯერ მოვისმინოთ ელჩისგან. ელჩი ძალიან დიდი თანამდებობაა, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ნდობის ხარისხი მის მიმართ უნდა იყოს ძალიან მაღალი და არის კიდეც, აქამდე ასე იყო", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

არჩილ გეგეშიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ "გასაგებია მათი [პრორუსული განწყობის პოლიტიკოსების] არსებობა [ხელისუფლებაში]. ეს იმას ნიშნავს, რომ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ ისინი გადაწყვეტილების პროცესზე გავლენას ვერ ახდენენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, არჩილ გეგეშიძის განცხადების თაობაზე სამინისტრო ახსნა-განმარტებას თავად ელჩისგან მოსმენს. მან განმარტა, რომ უწყება გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ელჩი არაკვალიფიციურად შეაფასა, ხოლო მისი განცხადება - არაკომპეტენტურად.

არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე ჩამოვიდა.

კომენტარები