მაგდა პაპიძის საქმე

სასამართლო: პაპიძის საქმე პირველია, როცა მსაჯულებმა ვერდიქტი ერთხმად მიიღეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მაგდა პაპიძის სასჯელის დანიშვნის სხდომაში, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება. სასამართლოს ცნობით, აღნიშნული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"2016 წლის 4 ივლისს, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული 25 წლის მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში.
თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი სათათბიროდ განკუთვნილ პირველივე სამ საათში - 2 საათსა და 35 წუთში, ერთხმად - 12 ხმით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს ცნობით, მაგდა პაპიძის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 57 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული და დაცვის 2 მოწმე.

„გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

კომენტარები