არჩევნები 2016

ISFED "ოცნების" მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესწავლას ითხოვს

სამართლიანი არჩევნები ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს. მიმართვის მიზანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს და ააიპ ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, ხოლო ცესკომ შეისწავლოს ააიპ ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტი.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარის რიმა ბერაძისა და ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, რაც აკრძალულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 252 მუხლით.

"კანონის თანახმად, პარტიას თავისი კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, ასევე, ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდება, ან გავრცელება, ან ასეთის დაპირება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც შემდგომ განსახილველად ეგზავნება სასამართლოს.

საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე, ორგანიზაციის ლოგო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ლოგოს ანალოგიურია. ამასთან, ორგანიზაციის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოყენებული სახელი - „ქართული ოცნება" პარტიის სიმბოლიკის აღმნიშვნელია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ საქმიანობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, რასაც ადასტურებს არაერთი მედია სიუჟეტი, რომლის მოძიებაც ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც არის შესაძლებელი. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. წინასაარჩევნო აგიტაცია კი, კანონის თანახმად განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს უწყობს საარჩევნო სუბიექტის არჩევას", - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნები პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ ჰქონდეთ ისეთი აქტივობა, რომელსაც ქველმოქმედების ფორმა აქვს, შინაარსით კი ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს.

"მსგავსი ქმედებები არამარტო საარჩევნო გარემოზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, არამედ, მისი სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები როგორც ორგანიზატორი პირების, პარტიის და მათი წარმომადგენლების, ასევე, მატერიალური სიკეთის მიმღები მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით" - აცხადებს Isfed.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ცესკო, რომელიც განსახილველად ეგზავნება სასამართლოს.

კომენტარები