საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის ფსიქო პროექტის დამფუძნებლის ზურაბ ბიგვავას განცხადებით, შიდა კვლევებით ქართულ ოცნებას დაახლოებით 35%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 13%. ამის შესახებ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე ორი შიდა კვლევა ჩაატარა, ხოლო მესამე - მიმდინარეობს. ბიგვავას თქმითვე, გამოკითხვაში მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო.
"შიდა კვლევები კეთდება იმიტომ, რომ პარტიამ საარჩევნო კამპანია სწორად დაგეგმოს. ცოტა ხნის წინ ჩატარდა ერთი, ახლა მეორედ ჩატარდა, ჯერ ანალიზიც არ არის გაკეთებული ბოლომდე. კიდევ მიმდინარეობს ახალი კვლევა დიდი მასშტაბით. ეს უფრო სერიოზული კვლევა იქნება, რომელიც ძალიან ბევრ მონაცემს მოიცავს. ამის მიხედვით კორექტირება მოხდება და უფრო სკრუპულოზურად დაიგეგმება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა. არ ვაპირებდით ამ შიგა კვლევების გასაჯაროებას და ამას ჰქონდა მიზეზი - შიგა კვლევა იწვევს ეჭვს, რადგან პარტიის შეკვეთილია და იტყვიან, რომ დამკვეთი აპრიორი თავისთვის კარგს დაიწერს. ეს ასე არ არის. წინა კვლევის შედეგებში, ერთი თვის წინ, ქართული ოცნების რეიტინგი იყო 30%-მდე, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - 15%-მდე. ახლა ენმ-ს რეიტინგია 13%-მდე, ქართული ოცნების კი, 35%-მდე. ასეთი სხვაობაა. ეს არის რეალობა. ამას სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებენ. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა ქართული ოცნების ლიდერის რეიტინგი. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობააა. 42% თუ არის კვირიკაშვილის, სადღაც 21%-ია ბაქრაძის რეიტინგი" - აცხადებს ბიგვავა.
ცნობისთვის, გუშინ, 28 ივნისს გამოქვეყნდა გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 22.4% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ხოლო 21.7% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. გარდა ამისა, NDI-ის ბოლო კვლევით, გადაწყვეტილი ამომრჩევლის 29% ქართულ ოცნების მხარდამჭერია, ხოლო 27% - ენმ-ის. IRI-ის ბოლო გამოკითხვით კი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 19% - ნაციონალურ მოძრაობას.
მმართველი გუნდი უნდობლობას უცხადებს სამივე ორგანიზაციის ჩატარებულ კვლევებს.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბიგვავას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ფსიქოპროექტმა ორი შიდა კვლევა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ჩაატარა. მათი კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 57,6% უჭერდა მხარს, ხოლო დავით ბაქრაძეს – 11,8%. ამასთან, 67% ფიქრობდა, რომ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებდა.