გარემოს დაცვის სამინისტრო IEA-ს კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტროში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency) ანგარიშს ეჭვქვეშ აყენებენ. მათი განცხადებით, სანამ არ გაარკვევენ, რის საფუძველზე მოხვდა საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით შედგენილი სიის პირველ ადგილზე, იქამდე ზუსტი პასუხი არ ექნებათ. გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოში ჰაერის შემადგენლობა მოწმდება ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, სამი მეთოდის მეშვეობით.

"ჰაერის შემადგენლობის შემოწმება სამი მეთოდით მიმდინარეობს, მათ შორის ინდიკატორული გაზომვებით, რომელიც დაიწყო შარშან საქართველოს 10 ქალაქში და წელს კიდევ დაემატა რამდენიმე ქალაქი. ამ ეტაპისთვის ჰაერის გაზომვების სამი ეტაპია დასრულებული და მიმდინარეობს მეოთხე ეტაპი. ეს გაზომვები ხდება, როგორც ავტომატური სადგურების, ასევე ჯიხურების საშულებით, რომლებიც ქვეყნის რამდენიმე ქალაქშია განთავსებული. ჰაერის შემოწმება ხდება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული ინდიკატორების გამოყენებით", - თქვა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ ბაგრატიას განცხადებით კი, ინდიკატორული გაზომვების მიხედვით საქართველოში მხოლოდ საშუალო დამაბინძურებლები დაფიქსირდა. მისივე თქმით, საქართველოში რამდენჯერმე დაფიქსირდა მტვრის შემცველობის გადაჭარბება. ბაგრატია აღნიშნავს, რომ დღეს მთავარი დამაბინძურებელი ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტია, მაგრამ საქართველო მთელ მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა არ არის.

"ჩვენ ინდიკატორული გაზომვები მთლიანად ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით გავაკეთეთ და არა საქართველოში, არამედ ბრიტანეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. იქ მხოლოდ საშუალო დამაბინძურებლები დაფიქსირდა. მტვერთან მიმართებით, კი ბატონო, რამდენჯერმე გვქონდა მტვრის შემცველობის გადაჭარბება, მაგრამ ეს არ არის რაღაცა კრიტიკული ნიშნული. საქართველოში ნამდვილად არაა დაბინძურებული ჰაერი პლანეტაზე ყველაზე მეტად, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს მთავარი დამაბინძურებელი ქალაქ თბილისში არის ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი", - თქვა თამარ ბაგრატიამ.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) უკვე გადაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა კვლევებზე დაყრდნობით გაკეთდა ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები.

ცნობისათვის, International Energy Agency-ის კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე საქართველო პირველ ადგილზეა. სიაში საქართველოს ბულგარეთი და ჩინეთი მოსდევს. სიის ბოლო სამ ადგილს კი აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ბრუნეი იკავებენ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის ახსნილი, თუ რატომ მოხვდა საქართველო სიის სათავეში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2016 წლის მონაცემების მიხედვით კი, მსოფლიო ქალაქებს შორის გარემოს დაბინძურების მიხედვით თბილისი 570-ე ადგილზეა.

კომენტარები