ლარის გაუფასურება

BLOOMBERG-ის სისტემაში ერთი დოლარი 2.37 ლარად ივაჭრება

Bloomberg.com

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო. დოლართან მიმართებით ვაჭრობა 2.29-ზე დაიწყო, ახლა კი ერთი დოლარი 2.37 ლარი ღირს, ეს ჯერ-ჯერობით ოფიციალური კურსი არაა. ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.

საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მათ სავალუტო ოპერაციები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელონ.

"ეს არის ერთჯერადი გავლენები, რომელიც მოხდა ევროკაშირიდან ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება. თავისთავად, ეს აისახა ჩვენს ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ და გაყიდონ ვალუტა, როცა ეს მათ ჭირდებათ. ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებებს არასწორ დროს იღებს - როგორც წესი, ისინი ყიდიან ან ყიდულობენ ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, მაშინ გადაახურდავოს ვალუტა, როცა ეს მათ სჭირდებათ, ყველანაირი მოლოდინების გარეშე", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს.

კომენტარები