ირლანდია

კელტური სამოთხის დასასრული?

ირლანდია შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირისაგან 85 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარებას ელოდება. ის ევროკავშირის მეორე წევრი ქვეყანაა, რომელიც მსგავს პაკეტს მიიღებს. ამ პაკეტით სარგებლობა ორწლიანი საბიუჯეტო ხარჯვის შემცირების შემდეგ გადაწყდა.

ამავდროულად, ირლანდიაში პოლიტიკური კრიზისია. პრემიერ-მინისტრმა ბრაიენ კოუენმა განაცხადა, რომ ის ბიუჯეტის მიღების შემდეგ გადადგება. პრობლემები მმართველ კოალიციაში დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ დაიწყო. მწვანეთა პარტიამ იანვარში არჩევნების დანიშვნა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კოალიციის დატოვებით დაიმუქრა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების დანიშვნას ბიუჯეტის დამტკიცებამდე ითხოვენ. მმართველი ძალა სამხრეთ- დასავლეთ ირლანდიის ადგილობრივ არჩევნებში უკვე დამარცხდა ოპოზიციურ პარტია შინ პეინთან. დუბლინში საპროტესტო აქციაზე 50 ათასამდე ადამიანი იყო გამოსული. ისინი დახმარების პაკეტს და მასზე განსაკუთრებით მაღალ მოგების დანამატს (6.7%25) აპროტესტებდნენ.

დახმარების პაკეტთან ერთად უკანასკნელ კვირაში მმართველმა კოალიციამ კრიზისიდან თავის დაღწევის ახალი, ამბიციური ოთხწლიანი გეგმა წარმოადგინა. მისი მიხედვით, ირლანდია ხარჯვის შემცირებითა და ახალი გადასახადების დაწესებით 15 მილიარდ ევროს დაზოგავს. უცვლელი დარჩება კორპორატიული გადასახადი, 12.5%25. შემცირება უმთავრესად სოციალურ პროგრამებს, მინიმალური ხელფასის მქონე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას შეეხება. დამატებითი ღირებულების გადასახადი 21%25-დან 23%25-მდე გაიზრდება.

გრაფიკი 1

ირლანდიის უახლესი წარსული დიდი წარმატების ისტორიაა. 1973 წელს, როდესაც ევროკავშირის წინამორბედი საზოგადოების წევრი გახდა, ის ყველაზე ღარიბი ევროპული ქვეყანა იყო. 1980-იან წლებში უმუშევრობის დონე 16%25-ს აღწევდა. გასულ წელს ირლანდია ყველაზე მდიდარ ქვეყნებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა და ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით აშშ- საც კი უსწრებდა. ბოლო ათწლეულის (გრაფიკი 1) განმავლობაში ქვეყნის მშპ 350%25-ით გაიზარდა. ამას ირლანდიამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ბაზრის შექმნით მიაღწია.

ირლანდიის საცხოვრებელი სტანდარტები სწრაფად გაიზარდა. ემიგრაციის 150-წლიანი ტალღა იმიგრაციით შეიცვალა. ბოლო პერიოდში პოლონეთში და აღმოსავლეთ ევროპაში ამ ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლის განსაკუთრებით ბევრი მსურველი გაჩნდა. შედეგად, ირლანდია ევროპის ყველაზე სწრაფად პროგრესირებად ქვეყნად იქცა, მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 7%25-ით იზრდება. ირლანდია იმდენად გამდიდრდა, რომ იქ 30 ათასი მილიონერი ცხოვრობდა, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონი ადამიანია.

კელტური ვეფხვის წარმატება ერთი მხრივ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მეორე მხრივ კი, გლობალური ეკონომიკის შედეგია. ირლანდია ევროპას და მთელ მსოფლიოს ინგლისურენოვან, იაფ და მაღალკვალიფიცირებულ მუშახელს სთავაზობდა. სახელმწიფომ კორპორატიული გადასახადი 12.5 %25-მდე დაწია.

გრაფიკი 2

ასეთი მომგებიანი წინადადება ხელიდან არ გაუშვეს ამერიკულმა კორპორაციებმა, რომლებიც ევროპის ბაზრის ათვისებას ცდილობდნენ. აქ გაჩნდნენ ისეთი კორპორაციები, როგორიცაა Microsoft da Pfizer Inc. Google-ის ევროპის სათავო ოფისი დუბლინშია. Intel da Dell ირლანდიის ყველაზე დიდი დამქირავებლები არიან. ევროპაში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების სათავო ოფისების უმრავლესობა სწორედ დუბლინშია. დღესაც კი ირლანდია უმთავრესად ამერიკულ კორპორაციებზეა დამოკიდებული, რომლებიც 300 ათას სამუშაო ადგილს ქმნიან. „გონება ჩვენი ბუნებრივი რესურსია", - ამბობენ ირლანდიაში. ინვესტიციების ასეთი სწრაფი მოზიდვის წყალობით 2001 წლისათვის უმუშევრობამ უკვე 3,1%25-მდე დაიწია.

დიდი ეკონომიკური შემოსავლებით გათამამებულმა სახელმწიფომ შემოსავლის მატებასთან ერთად ხარჯვის გაზრდაც დაიწყო. სახელმწიფო შემოსულ თანხას თითქმის სრულად ხარჯავდა (გრაფიკი 1 შემოსავალსა და ხარჯვას შორის დამოკიდებულებას გვაჩვენებს). ამასთან ერთად, 1983 წლიდან 2000 წლამდე მშპ-სთან შედარებით სახელმწიფოს დანახარჯი ყოველწლიურად მცირდებოდა (გრაფიკი 2). 10 წლის წინ სახელმწიფო სექტორის მკვეთრი გაზრდა დაიწყო. დიდი სახელმწიფო კი იაფი არასდროს არის. ეს რესურსებს ეკონომიკის პროდუქტიული სფეროებიდან ნაკლებ პროდუქტიულობისკენ გადაისვრის. შედეგად საბიუჯეტო დეფიციტი ჩნდება. ამას დაემატა გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომლის დროსაც ირლანდიის შემოსავალი შემცირდა. სახელმწიფომ ხარჯვის ტემპი არ შეამცირა, რის შედეგადაც დეფიციტი კიდევ უფრო გაიზარდა. კრიზისი გარდაუვალი გახდა.

სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევის ფატალურობა კარგად გამოჩნდა ირლანდიაში უძრავი ქონების ბაზრის აყვავების დროს. ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა. ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევამ კი მალე ამ სექტორის და შემდგომ მთლიანად ირლანდიური ეკონომიკის გაკოტრება გამოიწვია. მაგალითად, 2009 წლის ბიუჯეტში სამშენებლო პროექტებზე 1.65 მილიარდი ევრო იყო გათვალისწინებული. სამშენებლო პროექტებზე სახელმწიფოს ხარჯვა ბიუჯეტის 11%25-დან 21%25-მდე გაიზარდა.

სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილმა ხარჯვამ და მონეტარულმა სტიმულირებამ ფულის მასის რეალურ ეკონომიკაზე უფრო სწრაფი გაზრდა გამოიწვია. ჭარბი ფული სპეკულაციურ კაპიტალად იქცა, რომელიც რეალურ ეკონომიკაში მისი ზრდის არასაკმარისი ტემპის გამო შესვლას ვერ ახერხებდა. სპეკულაციური ფული უძრავი ქონების ბაზარზე წავიდა. უძრავ ქონებაზე ფასები გაოთხმაგდა. ამას დაემატა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული ირლანდიისთვის ზედმეტად დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ქვეყანას რომ საკუთარი ვალუტა ჰქონდეს, მას კრედიტის რეგულირება შეეძლებოდა. თუ კრედიტი ძალიან გაიაფდებოდა და გამარტივდებოდა, ირლანდიის ცენტრალური ბანკი მასზე საპროცენტო განაკვეთს გაზრდიდა. ევროს მიღებისას კი ირლანდიამ ძალაუფლება ევროპის ცენტრალურ ბანკს დაუთმო, რომელიც ევროზონის ყველა წევრი ქვეყნისთვის საერთო პოლიტიკას ქმნის. ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი შეიძლება საფრანგეთისა და გერმანიისათვის ნორმალური - თუმცა ირლანდიისთვის ძალიან დაბალი იყო. ეს ინვესტორებს უძრავი ქონების ხელოვნურად გაზრდილ ბაზარში მეტი ფულის ჩადებისკენ უბიძგებდა. ბაზარი ხელოვნურად გაიბერა და მალე სტიმულირების პოლიტიკამ უარყოფითი შედეგი გამოიღო. ხელოვნურად შექმნილი ბუშტი გასკდა.

ირლანდიური კრიზისი ავსტრიულ ეკონომიკურ თეორიაში კარგად ცნობილი ბიზნესციკლების ქრესტომათიული შემთხვევაა. ამ თეორიის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ციკლურ ხასიათს სახელმწიფოს ჩარევა იწვევს: როცა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის სახელმწიფო მონეტარულ ან ფისკალურ სტიმულებს იყენებს, ეკონომიკაში ფულის მოცულობას ზრდის შედეგად წარმოიშვება ბუშტი, რომელიც ადრე თუ გვიან სკდება.

უძრავი ქონების ბაზარი 100 ათასი ვაკანტური სახლით, ბანკები კი 20 მილიარდი ევროს გაფუჭებული სესხებით ირლანდიის ეკონომიკას უფსკრულისკენ მიაქანებდა. ირლანდიამ „ალკოჰოლიზმის" მკურნალობა „ნარკომანიით" სცადა და მდგომარეობის გამოსწორება „უკვე გამოცდილი" მეთოდით გადაწყვიტა - ინტერვენცია ბაზარზე კიდევ უფრო გაზარდა. აშშ- ის მსგავსად ირლანდიამ ბანკების გადარჩენა დაიწყო და მათ სესხები გამოუყო. სესხების გარანტად ეროვნული საპენსიო ფონდი გამოიყო, ზოგ შემთხვევაში კი ბანკების ნაციონალიზაცია მოხდა. თუმცა წამლის პირდაპირი და გვერდითი ეფექტიც ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესება იყო. ირლანდიამ გადაწყვიტა უკანასკნელი იმედისთვის - დახმარების პაკეტისთვის - მიემართა, ირლანდიური ეკონომიკური კრიზისი ერთადერთი არ არის. ევროპას უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ორი უმთავრესი პროექტი ჰქონდა: ერთი იყო სოციალური სახელმწიფოების, მეორე კი ერთიანი ევროპის შექმნა, რომელიც საერთო ვალუტის, ევროს შექმნას ითვალისწინებდა. ირლანდიის კრიზისი იზოლირებული არ არის და ის ერთიანი ევროპის პრობლემებს გვაჩვენებს.

როცა დასავლეთ ევროპა თავისი მაღალი გადასახადებით კორპორაციებისთვის ნაკლებ მიმზიდველ ადგილად იქცა, კელტურმა ვეფხვმა შეძლო მათთვის სამოთხე შეეთავაზებინა. ამ პროცესში ირლანდია ჩამორჩენილი ქვეყნიდან მოწინავე ქვეყნად გადაიქცა. გადასახადების გაზრდა და დანარჩენ ევროპაზე დამსგავსება ირლანდიის ეკონომიკას და საზოგადოებას კარგს არაფერს ჰპირდება. ეს ფინანსური კრიზისი ბაზარში სახელმწიფოს ჩარევის გამანადგურებელი შედეგების კარგი გაკვეთილია. პასუხი ირლანდიის ეკონომიკურ პრობლემაზე ერთია - ნაკლები ინტერვენცია სახელმწიფოს მხრიდან და მეტი თავისუფლება ბაზარს.

კომენტარები