ე.წ კანონიერი ქურდი

მღებრიშვილი: დავით გერლიანი კანონიერი ქურდობის ბრალდებით დავაკავეთ

facebook.com/miaofgeo

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ე.წ კანონიერი ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. მას ოფიციალურად ბრალს 48 საათში წარუდგენენ. მღებრიშვილის თქმით, გაჩნდა კითხვა - რატომ არ მიაწოდა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს წინასწარი ინფორმაცია დავით გერლიანის დეპორტაციის შესახებ. მინისტრის განმარტებით, უკრაინულ მხარეს შესაბამისი კითხვებით უკვე მიმართეს.

"19 ივნისს დაიწყო გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრობას ან კანონიერ ქურდობას. გამოძიებას საფუძვლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა, ე.წ კანონიერმა ქურდმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. სამი დღის მანძილზე უწყებამ გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი, რათა ხელი არ შეშლოდა საგამოძიებო მოქმედებებს. ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას, დავით გერლიანი კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გერლიანის ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი. დადგინდა, რომ ის 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას.

მედიაში და უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფო, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინამ საქართველოში აღნიშნული პირის, როგორც ე.წ კანონიერი ქურდის დეპორტაცია განახორციელა. გაჩნდა კითხვა - რატომ ვერ მოხერხდა შსს-ს და უკრაინის შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე ქართული მხარისთვის წინასწარი ინფორმაციის მიწოდება გერლიანის შესაძლო დეპორტაციის შესახებ. მით უფრო, უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა. გამოძიების ფარგლებში ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა მის სახელზე გაცემული უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ ჩამოართვეს პასპორტი.

მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, სოციალურ ქსელებში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვებას, თუ რას მოიმოქმედებს პოლიცია, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და შეატყობინონ სამართალდამცავ უწყებებს შესაძლო დანაშაულის შესახებ. შედეგად, პოლიცია უფრო ეფექტურად, ხარისხიანად, ოპერატიულად შეძლებს ასეთ ფაქტებზე რეაგირებას. ეს არის დასავლური სტანდარტი, რომლისკენაც მივისწრაფვით" - განაცხადა მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

ე.წ კანონიერი ქურდი "დათო სვანი" საქართველოში 19 ივნისს ჩამოვიდა. დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ გაავრცელა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გივი თარგამაძე აღნიშნავს, რომ ე.წ დათო სვანი კანონიერ ქურდად 2014 წელს, თურქეთში "აკურთხეს". თარგამაძემ დეპორტაციის პროცესის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ როგორც კანონიერი ქურდობა, ისე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით - 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები