მედიაზე თავდასხმა

MDF: R2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლაა

მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო. MDF მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადო კვალიფიკაცია მისცენ მომხდარ ინციდენტს და ის ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის კონტექსტში განიხილონ. მედიის განვითარების ფონდი ასევე მოუწოდებს საქართველოს პრემიერმინისტრს, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწიოს არა მხოლოდ 19 ივნისის ინციდენტის, არამედ მედიასთან დაკავშირებული სხვა საქმეების გამოძიებასაც. აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრი ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს. მის მანდატში ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია შედის, 

"ვთვლით, რომ მომხდარი გამოვლინებაა იმ ზოგადი ძალადობრივი ფონის, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალადობრივი გარემოს წახალისებას ხელისუფლება ზოგჯერ ძალადობაზე არასათანადო რეაგირებით, დამნაშავეთა დაუსჯელობით უწყობს ხელს, ზოგჯერ კი მისი ცალკეული წევრები თავად ახალისებენ საზოგადოებაში რევანშისტულ განწყობებს, როდესაც თავიანთი საჯარო გამოსვლებით ამართლებენ მოძალადეთა ქმედებებს.

წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ აღნიშნულ ინციდენტზე, არამედ ბოლო დროს გამოვლენილ ძალადობრივ ქმდებებსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე" - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილთან ინტერვიუს დროს, ისინი უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ფიქრობს, რომ ცემასთან ერთად, სახეზეა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელსშეშლაც, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

"მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა," - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და შს სამინისტროს მიმართავს.

ცნობისთვის, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით - სამ წლამდე ვადით.

კომენტარები