ჯანმრთელობა

IARC: 65 გრადუსზე ცხელმა სასმელმა შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს

7-themes.com

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მტკიცებით, 65 გრადუსზე ცხელი ნებისმიერი სასმელი საყლაპავი მილის სიმსივნის გამომწვევი შეიძლება იყოს.

როგორც ცნობილია, 1991 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყავა კანცეროგენად (სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებად) გამოაცხადა, თუმცა, შემდგომმა კვლევებმა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა. მეტიც, სიმსივნის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (AICR) აზრით, ყავა შესაძლოა, სიმსივნის პრევენციისთვისაც კი გამოდგეს.

სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნით, სიმსივნეს არა ნივთიერება, არამედ, შესაძლოა, სასმლის მაღალი ტემპერატურა იწვევდეს. აღნიშნული მოსაზრება დამყარებულია ისეთ ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებზე, როგორიცაა ირანი, ჩინეთი, სამხრეთ ამერიკა - სადაც ჩაის, როგორც წესი, 70°C-ზე ცხელს სვამენ.

"შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ცხელი სასმელი საყლაპავი მილის კიბოს შესაძლო გამომწვევია და ამას იწვევს არა თავად სასმელი, არამედ სასმლის ტემპერატურა", - თქვა სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა კრისტოფერ უაილდმა.

კომენტარები