გამოძალვა

თედო კობახიძე: ბადრი ჯავახიშვილი ჩემი დისგან ფულის ჩარიცხვას ითხოვდა

imtavroba.ge

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის ძმა, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. კობახიძე ბადრი ჯავახიშვილს ზეწოლასა და გამოძალვაში ადანაშაულებს.

"მისი მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა და ამავდროულად, გამოძალვის ფაქტები. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. მან ჩემი ოჯახის წევრს მისწერა კონკრეტული sms, მიუთითა მისი საბანკო რეკვიზიტები და მოითხოვა, რომ ჩვენ ჩაგვერიცხა მისთვის თანხა. კონკრეტულად მანანა კობახიძისგან, პარლამენტის პირველი ვიცესპიკერისგან მოითხოვა, რომ მის ანგარიშზე ჩაერიცხა 5 000 ლარი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს, მტკიცებულებები წარდგენილია სამართალდამცავ უწყებებში. ეს ადამიანი, ეს კრიმინალი, დღეს დგამს ტელეშოუს რუსთავი ორზე, რომლითაც მან რეალურად შეურაცხყო ჩვენი, როგორც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თანამდებობის პირების - ჩემი, ჩემი დის და ჩემი ოჯახის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია" - განაცხადა თედო კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს ყოფილი თანამშრომელი ფულის გამოძალვაში, ე.წ. ატკატების აღებაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-თან საუბარში საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ თედო კობახიძე ყოველთვიურად მისი ხელფასის 35%-ს იღებდა.

კომენტარები