გამოძალვა

ბერაძე: არ შემიძლია, დავიჯერო თედო კობახიძის მიმართ ბრალდებები

sakrebulo.ge

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის რიმა ბერაძისთვის გამაოგნებელია მისი კოლეგა თედო კობახიძის წინააღმდეგ ფულის გამოძალვასთან დაკავშირებული ბრალდებები, რაც გუშინ კურიერი P.S-ში გავიდა.

"ჩემთვის ეს არის გამაოგნებელი ფაქტი. არაფრით არ შემიძლია, პირადად მე ეგ დავიჯერო, ვერ წარმომიდგენია. არ შეიძლება, ეს ყოფილიყო რეალობასთან ახლოს. მე როგორც ვიცი, თავად მიმართა სასამართლოს კობახიძემ სიმართლის დასადგენად",- ამბობს ბერაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი კი, შესაბამისი მოკვლევის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შეხედულებას მხოლოდ ამის შემდგომ ჩამოიყალიბებს.

"ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მიმდინარეობს კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაველოდოთ გარკვეულ დასკვნებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენს შეხედულებას უფრო ჩამოვიყალიბებთ. მასთან ვისაუბრე - ზუსტად ის თქვა, რომ ეს მისი და მისი დის წინააღმდეგ მიმართული შანტაჟია. დაველოდებით გარკვეულ დასკვნებს და თავისთავად რეაგირება იქნება",- თქვა ალიბეგაშვილმა.

მანანა კობახიძის ძმას და თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს - თედო კობახიძეს ყოფილი თანამშრომელი ფულის გამოძალვაში, ე.წ. "ატკატების" აღებაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-თან საუბარში საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ თედო კობახიძე ყოველთვიურად მისი ხელფასის 35%-ს იღებდა.

კომენტარები