გამოძალვა

საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი თედო კობახიძეს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

თედო კობახიძე
facebook.com/sakrebulo.ge

მანანა კობახიძის ძმას და თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს - თედო კობახიძეს ყოფილი თანამშრომელი ფულის გამოძალვაში, ეგრეთწოდებული "ატკატების" აღებაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-თან საუბარში საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ თედო კობახიძე ყოველთვიურად მისი ხელფასის 35%-ს იღებდა. 

თედო კობახიძის კლასელი ბადრი ჯავახიშვილი ყვება, რომ კობახიძემ მას პარტია ქართულ ოცნებაში მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა და პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯავახიშვილი კობახიძემ საკრებულოს აპარატში მოაწყო, რის შემდეგაც კობახიძე ჯავახიშვილს მის საბანკო ანგარიშზე ფულის ყოველთვიურ გადარიცხვებს კვლავ ითხოვდა.

"თვე რომ ჩათავდა და მოვიდა ხელფასის აღების დრო, დაგვირიგეს პლასტიკური ბარათები , სადაც ხელფასი უნდა აგვეღო. ხელფასი, რომ ჩამერიცხა დაახლოებით 500 ლარი ჩამისვა თედო კობახიძემ მანქანაში და მომცა ფურცელი და მითხრა რომ მის მიერ მოცეუმულ ანგარიშზე შემეტანა ფული."- ამბობს ბადრი ჯავახიშვილი.

ბადრი ჯავახიშვილის თქმით, მან გაარკვია, რომ თედო კობახიძეს ბანკიდან სესხი ჰქონდა აღებული და "ატკატებით" სწორედ მას ფარავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯავახიშვილმა თედო კობახიძეს თანხის გადახდაზე უარი განუცხადა, რასაც მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. ჯავახიშვილი ამბობს, რომ დათხოვნამდე თედო კობახიძემ განუცხადა, რომ მას ახლა ყოველთვიურად 350 ლარის ნაცვლად 800 ლარი უნდა გადაეხადა.

თედო კობახიძე პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის ძმა არის. ბადრი ჯავახიშვილის თქმით, მან დახმარებისტვის მანანა კობახიძეს მიმართა და მას მომხდარი უამბო. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ის მანანა კობახიძესაც იცნობს, რადაგანაც კობახიძე სკოლაში მისი პედაგოგი იყო. ჯავახიშვილმა მანანა კობახიძეს მისწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ თედო კობახიძე მას გამოძალულ თანხას არ დაუბრუნებდა ის მომხდარს ჟურნალისტებს მოუყვებოდა, რასაც კობახიძისგან საპასუხო წერილი მოჰყვა. ჯავახიშვილმა მანანა კობახიძისგან მიღებული საპასუხო წერილი გაასაჯაროვა:

მანანა კობახიძის საპასუხო წერილი
ფოტო: რუსთავი 2

ჯავახიშვილი ყვება, რომ მანანა კობახიძის საპასუხო წერილის შემდეგ მას სახლში პოლიციამ მიაკითხა. ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ კი ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და გააფრთხილეს, რომ თედო კობახიძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების კეთება შეეწყვიტა. ჯავახიშვილი ყვება, რომ თედო კობახიძის შესახებ დაგროვილი ყველა მასალა ელექტრონული ფორმით შეინახა და ის ვიცეპრემიერ კახა კალაძეს გაუგზავნა. ჯავახიშვილის თქმით, კალაძე მომხდარის ყველა დეტალს იცნობს. 

თედო კობახიძემ მომხადირან მალევე შსს-ში ბადრი ჯავახიშვილის წინააღმდეგ საჩივარი მუქარის მოტივით შეიტანა. თედო კობახიძემ ასევე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯავახიშვილის განცხადედები სიცრუეა და მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავს. 

"როგორც ჩანს, გარკვეულ პირთა ჯგუფის მხრიდან წინასაარჩევნოდ იგეგმება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმზანმიმართული მორიგი ბინძური კამპანიის დაწყება, თუმცა, ეს სპექტაკლი ვეღარ შედგება, რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით ათი დღის წინ მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს და საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
იმის გათვალისიწნებით, რომ ჩემი საჩივრის საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება, სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ საქმის დეტალებზე, თუმცა აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს კონკრეტული ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის გამოყენების ფაქტი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც აღვნიშნე, საკითხს მიეცა სამართლებრივი მსვლელობა და დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო ორგანოები უზრუნველყოფენ სიმართლის დადგენასა და დამნაშავე პირთა (თუ ესეთი არსებობს) გამოვლენასა და მათ მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას." - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

კომენტარები