ე.წ. აფხაზეთი რუსეთთან შეერთების საკითზე, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალური საიტი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრემიერმინისტრმა არტურ მიქვაბიამ РИА Новости-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, ე.წ. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, რუსეთთან შეერთებას არ გეგმავს და არც ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. მისი განცხადებით, აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს დამოუკიდებლობა სურს.

"სამხრეთ ოსეთის მოტივები გასაგებია, რადგან ოსების ერთი ნაწილი რუსეთში, მეორე ნაწილი კი სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს. შესაბამისად, მათ აქვთ გაერთიანების სურვილი. ჩვენი სიტუაცია განსხვავებულია. ჩვენ გვსურს, ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დიდი რუსეთის სანდო მოკავშირე. ჩვენ დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ", - განაცხადა მიქვაბიამ.

ამას გარდა, დე ფაქტო პრემიერის თქმით, "აფხაზეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პირობით". მისი თქმით, შესაძლო თანამშრომლობა მაინც რთული იქნება.

"ვფიქრობ, საქართველოში დაწყებულია იმის გაცნობიერება, თუ რა ჩაიდინეს აფხაზეთთან მიმართებით. აფხაზები იმ ტრაგედიაში დამნაშავე არ არიან, რადგან საბრძოლო მოქმედებები ჩვენ არ დაგვიწყია. ამასთან, აქ გაიზარდა თაობა, რომელიც არც ქართველებს იცნობს და არც ქართულ მოსახლეობას. ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის ეს დამატებითი სირთულე იქნება", - ამბობს მიქვაბია.

თუმცა, მისი თქმით, მხარეები შეხების წერტილების გამონახვას მაინც ახერხებენ.

"გვქონდა პრობლემები "ენგურჰესზე" და პოლიტიკური საკითხების მიუხედავად, მოგვაგვარეთ. ეს არის იმის მაგალითი, რომ თუკი ადამიანთა ინტერესებსა და საღ გონებას პირველ ადგილზე დავაყენებთ, მაშინ ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება", - თქვა დე ფაქტო პრემიერმა.

მიქვაბიამ რკინიგზის აღდგენის სურვილიც გამოთქვა, მისი თქმით, ეს ეკონომიკურად მომგებიანი იქნება.

"მაგრამ ამას ეწინააღმდეგება საქართველო, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენთან შეთანხმებას არ დადებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში უნდა ვიყოთ, ანუ ეს საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს", - ამბობს მიქვაბია.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას 2017 წელს აპირებს.

კომენტარები