დაიცავი თავისუფლება

პლატფორმამ - დაიცავი თავისუფლება - კონცერტისთვის სცენის მონტაჟი დაიწყო

ტაბულა

პლატფორმამ - დაიცავი თავისუფლება - ახალციხეში, მესხეთის დრამატულ თეატრთან სცენის მონტაჟი დაიწყო. ანტიდასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგო კონცერტი დღეს, 18:00-ზეა დაგეგმილი. ახალციხეში ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" იმღერებს.

ახალციხის მერია პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, პარკში ჩატარებაზე უარს ეუბნება. თვითმმართველობა ერთ-ერთ მიზეზად "ღონისძიების გეგმის არარსებობას" ასახელებს. გარდა ამისა, ახალციხის მერიის განცხადებით, პლატფორმას ნებართვის ასაღებად ხუთი დღით ადრე უნდა მიემართა.
 
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, დაიცავი თავისუფლებას მერიისთვის აქციის ჩატარების შეტყობინების ვალდებულებაც კი არ ჰქონდა. იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალციხის მერიის უარს უკანონოდ, არაკონსტიტუციურად და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. 
 
ადგილობრივი ხელისუფლების უარის მიუხედავად, პლატფორმა დაიცავი თავისუფლება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან კონცერტის გამართვას მაინც აპირებს. პლატფორმა ხელისუფლებას მოუწოდებს, კონცერტის ჩატარებას ხელი არ შეუშალოს. ამასთან, დაიცავი თავისუფლებამ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე მიმართა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები