დაიცავი თავისუფლება

ჩერგოლეიშვილი: ხელისუფლება ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კონცერტს ბლოკავს

თამარ ჩერგოლეიშვილი
თეორემა/ტაბულა

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებისთვის" ახალციხეში კონცერტის ჩატარებაზე ახალციხის მერიის უარს, ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "თბილისიდან პოლიტიკური მოტივებით დაბლოკილ კონცერტს" უწოდებს. ტაბულა პლატფორმის წევრია. "დაიცავი თავისუფლებას" ორგანიზებით, ხვალ, ახალციხეში თეატრთან ევროპასთან ინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტი იმართება, რომელზეც "გამოუვალი მდგომარეობა" იმღერებს. პლატფორმა კონცერტის მოსაწვევებს უკვე არიგებს. ანტიდასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგო კამპანია ახალციხეში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

"კონცერტი ტარდება ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით - ლიტვის გადასახადის გადამხდელებმა გადაწყვიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად საქართველოს დაეხმარონ და ამისთვის მოგვცეს ფული. ერთი თვეა, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რაბათის ადმინისტრაციასთან. მოლაპარაკებები მიდიოდა აბსოლუტურად უპრობლემოდ, შევთანხმდით ყველაფერზე - ადგილზე, ფასზე. ფასი უნდა ყოფილიყო 400 ლარი, სატელეფონო ჩანაწერები გვაქვს დირექტორის, სადაც გვეუბნება ამ ფასს. ბოლო მომენტში, როდესაც გაარკვიეს, ვინ ვართ და რას ეხება კონცერტი, კონცერტი დაბლოკეს შემდეგი გზით - ფასი გაიზარდა 5000 ლარამდე. არავის არასდრის გადაუხდია 5000 ლარი რაბათის ქირაობაში, როდესაც საქველმოქმედო, უფასო კონცერტი ტადება.

ამის შემდეგ ჩვენ გავანებეთ თავი რაბათს და გადმოვინაცვლეთ ახალციხის ცენტრში, დრამატულ თეატრთან, სადაც არის პარკი, არ გვიწევს მოძრაობის გადაკეტვა, არავის ხელს არ ვუშლით და ბუნებრივია, კეთილი ჟესტის სახით მერიას ამის შესახებ ვაცნობეთ. საქართველოს კონსტიტუციით, მერიას საერთოდ არ აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ, რომ დაგვიშალოს იმ ადგილას აქციის ჩატარება, იქნება ეს კონცერტი თუ სხვა რამ, სადაც ჩვენ მოძრაობას არ ვაფერხებთ. შეუძლებელია, ასეთ რამეს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამის მიუხედვად, ჩვენ მათგან მივიღეთ სრულიად უაზრო უარი, რომელსაც, ბუნებრივია, არ დავემორჩილებით იმიტომ, რომ ეს არის სრულიად უკანონო აქტი. მერიას არავინ არ ჰკითხავს, კონცერტს სად ჩავატარებ, თუ კანონის ფარგლებში ვარ და კანონის ფარგლებში ნამდვილად ვარ. შესაბამისად, ხვალ კონცერტი მაინც გაიმართება. ხვალ ვნახავთ, როგორ მოიქცევა თბილისი. იმიტომ, რომ მე არ ვუშვებ იმას, რომ ეს ახალციხის მერიის ინიციატივაა. შეუძლებელი და გამორიცხულია, ახალციხის მერიას არ უნდოდეს, ხალხი რომ გაერთოს ახალციხეში. ეს არის პოლიტიკური მოტივებით დაბლოკილი კონცერტი თბილისიდან და სამარცხვინოა, რომ საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს ევროპასთან ინტეგრაციის მხარდამჭერ კონცერტს.

აქ, მგონი, ყველაფერი ჩანს. საერთოდ რომ ჩნდება კითხვები ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ესეც კი მიკვირს. იმიტომ, რომ, როგორ შეიძლება, ყოველგვარი პოლიტიკური მესიჯის გარეშე, ევროპასთან ინტეგრაციის მხარადასაჭერი აქცია იბლოკებოდეს. თუ საქართველოს ხელისუფლებას მართლაც სურს, რომ ქართველი ხალხი, საქართველო გახდეს ევროპის ღირსეული წევრი, რატომ შეიძლება, ასეთ კამპანიას უქმნიდეს პრობლემებს, სრულიად გაუგებარია.

ხვალ დილიდან დაიწყება სცენის მონტაჟი და ვნახოთ, როგორ მოიქცევიან, რას იზამს პოლიცია და ა.შ. რასაც მერია გვეუბნება, არის სრულიად უკანონო და რადგან ივანიშვილს ჩვენი დანახვა არ ესიამოვნება, რუსების წყენინება არ უნდა, გაჩერებას არ ვაპირებთ. ხვალ კონცერტის ჩატარებას მაინც შევეცდებით. ერთხელ უკვე დავუკავებივარ საქართველოს ხელისუფლებას, არც ახლა მომერიდებიან, თუ საჭირო გახდა. ყველაფერს ვიზამთ, რომ კონცერტი ჩატარდეს",- ამბობს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები