დაიცავი თავისუფლება

ნონიაშვილი: უკანონო იქნება, თუ მერია გაბედავს და ჩაშლის კონცერტს

ტაბულა

იურისტ გიორგი ნონიაშვილის განმარტებით, მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკში კონცერტის ჩატარებას ნებართვა არ სჭირდებოდა. ტაბულასთან საუბარში ნონიაშვილი ამბობს, რომ ახალციხის მერიის გადაწყვეტილება უკანონოა. მისი თქმით, პლატფორმა დაიცავი თავისუფლებას მერიის გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონდა და მათი განცხადება მხოლოდ კეთილი ნება იყო. 

"ჩვენ გუშინ შევიტანეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ვაპირებდით, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკში, სადაც ისედაც ხალხმრავლობაა, ჩატარებულიყო კონცერტი 6 საათზე. თუმცა, განცხადება არ ითხოვდა ნებართვას მერიისგან, ეს უბრალოდ, გაფრთხილების სახე იყო, რომელიც სრულიად ადეკვატურია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის შესაბამისად, ამ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორი აფრთხილებს მერიას, რომ მიიღოს უსაფრთხოების ზომები, მაგალითად, პატრული გააფრთხილოს და ა.შ. ეს ფაქტობრივად არის კეთილი ნების, ჟესტის გამოხატვა მერიისადმი, რომ მას რაიმე პრობლემა არ შეექმნას კონცერტის მსვლელობისას. რა საფუძვლებიც მიუთითა მერიამ განცხადების არდაკმაყოფილებაზე, არის სრულიად არაადეკვატური. ეს შეიძლება, რელევანტური ყოფილიყო მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა სახეზეა მანიფესტაცია და ის იმართება გზის სავალ ნაწილზე. ამ შემთხვევაში, შეიძლება, მერიას გარკვეულწილად შენიშვნები ჰქონოდა ან უარი ეთქვა რაღაც საკითხებზე. ახლა კი, უბრალოდ, სახეზე გვაქვს შეკრება, რომელსაც ნებართვა არ სჭირდება რეალურად. მათ შორის, სპონტანური შეკრების ფარგლებშიც დაცულია ჩვენი შეკრების კონსტიტუციური უფლება, ხვალ, 6 საათზე" - ამბობს ნონიაშვილი.

ახალციხის მერიის გაფრთხილებას, რომ ხვალ, კონცერტის ჩატარება უკანონოდ ჩაითვლება, იურისტი არაადეკვატურად აფასებს.

"ეს არის სრულიად არაადეკვატური, რადგან ზუსტად ის კანონი, რომლსაც დაეყრდნენ, ითვალისწინებს იმას, რომ ჩემი შეკრების რეალიზება ვერ იქნება უკანონო ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ხოლო უკანონოდ ჩაითვლება, თუ მერია გაბედავს და დაშლის შეკრებას ან საშუალებას არ მისცემს შეკრების უფლების რეალიზებას. ანუ მათი ქმედება შეიძლება მხოლოდ გადაცდომად ჩაითვალოს და არა ჩვენი. მიუხედავად იმისა, რომ შეკრება იმართება პარკში, ამ შემთხვევაშიც, რომც ჩაიკეტოს გზის სავალი ნაწილი სპონტანურად, პრობლემა არ უნდა შეიქმნას წესით. თუ ეს ბუნებრივია, რომ ხალხი ვერ ეტევა პარკში და სავალ ნაწილზე გადასვლა გახდა საჭირო, ამ შემთხვევაშიც კი დაცულია შეკრების უფლება, რომელიც შეიძლება, იყოს სპონტანური შეკრება ანუ - არა წინასწარ გაფრთხილებული. ჩვენ ვცდილობდით მერიასთან გველაპარაკა - რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს, ეს გაგვეგო, თუმცა, მერიის ხელმძღვანელობა უბრალოდ პასუხს არ გვცემს, ვიცით, რომ კაბინეტებში სხედან, მაგრამ ამბობენ, რომ არ არიან სამსახურში" - ამბობს ნონიაშვილი.

ახალციხის მერია პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, პარკში ჩატარებაზე უარს ეუბნება. თვითმმართველობა ერთ-ერთ მიზეზად "ღონისძიების გეგმის არარსებობას" ასახელებს. გარდა ამისა, ახალციხის მერიის განცხადებით, პლატფორმას ნებართვის ასაღებად ხუთი დღით ადრე უნდა მიემართა.

გამოუვალი მდგომარეობის კონცერტი ხვალ, 8 ივნისს არის დაგეგმილი. პლატფორმამ დაიცავი თავისუფლება მერიას განცხადებით გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ უფასო კონცერტი არც რაბათის ციხეში ჩაატარებინა. ადმინისტრაციამ დაიცავი თავისუფლებას საიჯარო გადასახადად სტანდარტულზე 10-15-ჯერ მაღალი ფასი დაუწესა.

კომენტარები