დაიცავი თავისუფლება

მშვენიერაძე: ახალციხის მერიის უარი კონცერტის ჩატარებაზე, არაკონსტიტუციურია

ტაბულა
იურისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, ახალციხის მერიის გადაწყვეტილება - არ მისცეს პლატფორმა დაიცავი თავისუფლებას ახალციხის თეატრთან ანტიდასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგო კონცერტის ჩატარების ნებართვა - არაკონსტიტუციურია. ტაბულასთან საუბარში მშვენიერაძე ამბობს, რომ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, დაიცავი თავისუფლებას მერიისთვის აქციის ჩატარების შეტყობინების ვალდებულებაც კი არ ჰქონდა.
 
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს, როცა შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე, ხოლო შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი გაფრთხილების ვალდებულებას მხოლოდ ავტოტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე აქციის გამართვის შემთხვევაში ითვალისწინებს. ტროტუარზე, პარკში და სხვა ამ ტიპის ადგილებზე შეკრება-მანიფესტაციას არათუ თანხმობა არ სჭირდება სახელმწიფოსგან, არამედ, მხარეს ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებაც კი არ გააჩნია. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობაზე უარი უთხრას პირს ან ამავე მოტივით არ მიიღოს გაფრთხილება, რადგან ასეთი უარი უტოლდება სანებართვო სისტემის შემოღებას, რაც კონსტიტუციის 25-ე მუხლით ცალსახად აკრძალულია. აქედან გამომდინარე, ეს უარი არის კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დამრღვევი შინაარსის და ამავდროულად, ცალსახად ეწინააღმდეგება შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონის ფუნდამენტურ მოთხოვნებს. შესაბამისად, თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოგზავნილი წერილი არის არაკონსტიტუციური შინაარსის" - აცხადებს მშვენიერაძე.
 
ახალციხის მერია პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, პარკში ჩატარებაზე უარს ეუბნება. თვითმმართველობა ერთ-ერთ მიზეზად "ღონისძიების გეგმის არარსებობას" ასახელებს. გარდა ამისა, ახალციხის მერიის განცხადებით, პლატფორმას ნებართვის ასაღებად ხუთი დღით ადრე უნდა მიემართა.

გამოუვალი მდგომარეობის კონცერტი ხვალ, 8 ივნისს არის დაგეგმილი. პლატფორმამ დაიცავი თავისუფლება მერიას განცხადებით გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ უფასო კონცერტი არც რაბათის ციხეში ჩაატარებინა. ადმინისტრაციამ დაიცავი თავისუფლებას საიჯარო გადასახადად სტანდარტულზე 10-15-ჯერ მაღალი ფასი დაუწესა.

კომენტარები